განათლების მინისტრის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებული ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის კომპონენტის ფარგლებში არც ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან კომუნიკაცია იმაზე, რომელიც ფაკულტეტი დარჩება ამ უნივერსიტეტში და რომელი გადავა ჯერ არ დაუწყიათ. ამის შესახებ გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მან განმარტა, რომ რეფორმის ამოქმედების შემდეგ იმ სტუდენტებს რომლებიც ამა თუ იმ ფაკულტეტზე უკვე სწავლობენ, სწავლების დასრულების ან კონკურსგარეშე მობილობით ისარგებლებენ.
„იურიდიული ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა და ფუნქციონირებდა, ამიტომ, დიდი ალბათობით... მე წინასწარ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, იმიტომ, რომ ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ეს დოკუმენტი არ დამტკიცდებოდა, ჩვენ არც ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ დაგვიწყია კომუნიკაცია იმის თაობაზე, თუ რომელი ფაკულტეტი დარჩება ამ უნივერსიტეტში და რომელი გადავა. თუმცა ჩვენ ასეთი რაღაც ვთქვით, განვაცხადეთ, რომ ტრადიციული მიმართულების ფაკულტეტები იქნება შესაბამის უნივერსიტეტებში - ეს ერთი. ასევე ვთქვით, რომ რეგიონულ უნივერსიტეტებზე გვექნება შედარებით ვიწროპროფილური მიდგომა, რაც გულისხმობს ძირითადად პედაგოგიური, აგრარული, სავარაუდოდ ტურისტული მიმართულებების განვითარებას, თუმცა შეიძლება მოლაპარაკებების შედეგად მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლოთ, ამიტომ ეს პროცესი მხოლოდ ახლა იწყება და წინმსწრებით არაფერზე არ ვისაუბრებთ, სანამ ეს პროცესი 19-ვე უნივერსიტეტთან გავლილი არ იქნება და დეტალური ინფორმაცია არ გვექნება.
რაც შეეხება ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპს, ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტის მაგალითი, ამ შემთხვევაში, თუ იურიდიული ფაკულტეტი დარჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თბილისში, ის აღარ, ანუ პირველკურსელების მიღება აღარ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიაუნიში, რომლებსაც ასევე აქვთ იურიდიული ფაკულტეტები, მაგრამ ის სტუდენტები, რომლებიც დღეს ამ სამ უნივერსიტეტში სწავლობენ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბოლომდე ისწავლონ ამ ფაკულტეტზე და მიიღონ ამ კონკრეტული უნივერსიტეტების დიპლომები. შესაბამისად, არავინ ფაკულტეტს არ აუქმებს, უბრალოდ, პირველკურსელების მიღება ამ ახალი სისტემით გადავა იმ პროფილურ უნივერსიტეტში, რომელიც აი ამ შეხვედრების შედეგად განისაზღვრება“, - განაცხადა მინისტრმა და განმარტა: „ამაზე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდებოდა, რომ თითქოსდა კონკრეტულ უნივერსიტეტებში ამ [3+1+1] მოდელზე გადასვლით ფაკულტეტები იხურება. არა, არ იხურება! უბრალოდ, პირველ კურსზე ახალი ნაკადის მიღება აღარ მოხდება. ის სტუდენტები, რომლებიც იქ სწავლობენ, მილევად რეჟიმში დაასრულებენ თავიანთ სასწავლო პროცესს. ასევე ჩვენ ვაპირებთ, რომ გავხსნათ კონკურსგარეშე მობილობა, იმ შემთხვევაში, თუკი ახალგაზრდებს ამ ეტაპზევე იმ პროფილურ უნივერსიტეტებში გადასვლის სურვილი ექნებათ, სადაც ეს კონკრეტული ფაკულტეტები გადანაწილდება. მათ გადასვლა კონკურსის გარეშე შეეძლებათ. შესაბამისად, ეს პროცედურები, რა თქმა უნდა, შემდეგი წლის პერიოდში განხორციელდება, ამიტომ ეს პირობითად პირველი ეტაპია“.
თუმცა გივი მიქანაძემ ისიც თქვა, რომ რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად არ დაუყვიათ.
„ჩვენ ვგეგმავთ, სამ-ოთხ წლიან პერსპექტივაში კონკრეტული ნაბიჯები გავწეროთ, რომელიც კონკრეტულ თვეებთან და რაღაც პერიოდებთან იქნება დაკავშირებული, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მითითებით და თითოეულ ეტაპთან მიმართებით ფინანსთა, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროებთან აქტიური თანამშრომლობით, განვსაზღვროთ ის საბიუჯეტო მოცემულობები, რომელიც ამ ეტაპების განსახორციელებლად არის განსახორციელებელი“, - ამბობს მიქანაძე.




























