მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტი უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით მიიღებს - გივი მიქანაძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტი 8 დეკემბრის სასესიო კვირაში განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. განათლების მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება და კანონპროექტის მიხედვით, რას მოიცავს უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი ეტაპი.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ 2 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი ძალაში შევიდა და განათლების სამინისტრომაც საკანონმდებლო ცვლილებებიც მოამზადა, რათა მარტში კონკრეტული აქტივობები დაიწყონ.

„უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დამტკიცების მომენტიდან ძალაშია შესული, რაც უმაღლესი განათლების რეფორმისთვის სამართლებრივი საფუძველია. რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს - ჩვენ უკვე ავტვირთეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 3 დეკემბერს, დღის ბოლომდე, მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება. მომდევნო კვირას, რომელიც საშემოდგომო სესიის ბოლო სასესიო კვირაა, ამ ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება. დაჩქარებულად იმიტომ, რომ კონკრეტული აქტივობები უკვე მარტიდან იქნება დასაწყები და გამომდინარე იქიდან, რომ საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება, ძალიან მცირე პერიოდი რჩება, რომ ეს ცვლილებები უკვე დამტკიცებული გვქონდეს.

ეს ცვლილებები პირველადი ეტაპის რეფორმებს ეხება - კონცეფციას „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს შეესაბამება. ამ შემთხვევაში ორ ძირითად ქალაქზეა საუბარია - თბილისსა და ქუთაისზე, სადაც ჰაბები ჩამოყალიბდება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა ფაკულტეტი უზრუნველყოფილი იქნება იმ გადანაწილებით, რომ მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი, როდესაც დღეს 5-დან ოთხ სახელმწიფო უნივერსიტეტშია, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ წელიწადს პირველკურსელთა მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტში, მხოლოდ ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება გამოცხადებული, მაგრამ დღეს, მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, ტექნიკურ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელებს, თავისივე უნივერსიტეტში სწავლის დასრულება შეეძლებათ. ამავდროულად, ჩვენ მათ, კონკურსის გარეშე მობილობას შევთავაზებთ, იმისთვის რომ მათ სურვილის შემთხვევაში იმ უნივერსიტეტში გადაინაცვლონ, სადაც ტრადიციულად გაგრძელდება ამ მიმართულებით მიღება.

ასევე, ეს ცვლილებები შეეხება 3+1+1 მოდელს, რაც გულისხმობს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლებას. ეს საკითხები არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგი სასწავლო წლიდან აქტუალური უნდა გახდეს. პირველ კურსზე ჩარიცხულ ახალგაზრდებს საგრანტო დაფინანსება აღარ ექნებათ, რადგან სასწავლო პროცესი მათთვის უფასო იქნება და ისინი ჩვეულებრივად ამ სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან“, - განმარტა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები