„არც წაკითხულის გააზრების პრობლემა გვაქვს, არც დიპლომების“ - საქართველოს ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი BM.GE-სთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
მისივე ცნობით, ალიანსმა უკვე მეორედ გამართა საპროტესტო აქცია და მკაფიოდ გამოხატა, რომ ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური გზით არის ქართველი ხალხის ნება და არ შეიძლება მოქალაქეებმა მუდმივად, მომავლის შიშით იცხოვრონ.
„ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური გზით, ეს არის ქართველი ხალხის ნება, ჩვენი მისწრაფება და ქვეყანა კონსტიტუციურ წყობაში უნდა დაბრუნდეს. არ შეიძლება ასეთ ქაოსში ვიცხოვროთ და მუდმივად მომავლის შიში გვქონდეს. ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორის გარეშე ვერ იფუნქციონირებს. აბსოლუტურად აცდენილია დღევანდელი ტურიზმის პოლიტიკა, ეკონომიკის პოლიტიკა, საერთოდ ქვეყნის პოლიტიკა ქართველი ხალხის ნების გამოხატვასთან.
ჩვენ არც წაკითხულის გააზრების პრობლემა გვაქვს, არც დიპლომების. რამდენიმე დიპლომი გვაქვს სხვადასხვა სპეციალობის. მუდმივად მხარს ვუჭერდით ძლიერ ინსტიტუციებს. ამიტომაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ერთმანეთთან ვმუშაობდით. დღეს უკვე ჩვენ ვერ ვხედავთ მზაობას ორი მხრიდან. ვეხვეწებით, ვეუბნებით, ვაფიქსირებთ აზრს და ჩვენი ხმა როგორც ჩანს არ ისმის“, - ამბობს თანდაშვილი.
საქართველოს ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მათი მხრიდან არ შესრულდა არცერთი თხოვნა, მოთხოვნა. გრძელდება უკანონო დაკავებები.
„დღეს განცხადებები მოვისმინეთ, რომ თურმე ბიზნესი ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მთავრობა, რომელიც ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც ქვეყნის დოვლათს ქმნიან. ჩვენ შპს საქართველო არ ვართ.
დროა გაიგოთ ხმა. ჩვენ არ ვართ უუნარო, ხმა ჩაწყვეტილი ქვეყნის შვილები, სადაც ვიღაცა ვერტიკალურად იტყვის, რომ ასე უნდა მოხდეს და დისკუსია უნდა დავიწყოთ. ეს დისკუსია მანამდე დაგეწყოთ. დღეს არ ვიდგებოდით აქ“, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ალიანსი.