"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ყველა კომპანიამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართულ ტელეკომპანიებთან. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე ირწმუნება, რომ არც ერთ ბანკს თუ კომპანიას, დასანქცირებულ ტელეარხებთან თანამშრომლობით, პრობლემები არ შეექმნება.
კითხვაზე, აპირებს თუ არა "ქართუ ბანკი" "იმედთან" და POSTV–სთან თანამშრომლობას, კობახიძემ ასე უპასუხა: "მე არ ვარ ამ კონკრეტული კომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამ კომერციულ ორგანიზაციას არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს. წარმოდგენა ყველას ყველაფერზე შეიძლება გვქონდეს. მე, როგორც მთავრობს თავმჯდომარემ, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, შემიძლია მოვუწოდო ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან, არავითარი რისკი არც ერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება. მე ყველას ვპირდები, რომ არაფერი ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება, არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, არც ერთ ბანკს, არც ერთ სამეწარმეო სუბიექტს, არც ერთ ტელეკომპანიას არ შეექმნება პრობლემები. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ ვითარებას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მას ასევე ჰკითხეს ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ირაკლი რუხაძესთან, რომელმაც "იმედი" სანქციების გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე დატოვა.
"ტელეიმედის" მფლობელი 2026 წლის 6 თებერვალს შეიცვალა - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა, "ტელეიმედის" მფლობელი კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 50%, რომელიც GDS-სა და რადიო იმედსაც მოიცავს "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. ამასთან, სანქცირებამდე 25 დღით ადრე, ვიქტორ ჯაფარიძემ Postv-ის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა.
"მე თვალყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას, რა ინფორმაციაც საჯაროდ გავრცელდა მეც მივიღე.
ირაკლი რუხაძესთან ["იმედის" გაყიდვის შემდეგ] კომუნიკაცია არ მქონია... საუბრის ინტერესი რომ მქონოდა, არ გამიჭირდებოდა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედი“ და POSTV – სანქციები დაუწესა, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებულები არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ. ბანკებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.




























