საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებს დასეტყვილი, დაზიანებული თუ ჩვეულებრივი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ. ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, კახეთში, რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეთა საკითხს.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირების პროგრამას აგრძელებს და 1 კგ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს.
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ. ჯერ კიდევ მაშინ განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით და დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო 90 თეთრად ჩაიბარებდა. ახლა იცით, რომ კახეთში რამდენიმე დღის წინ ძლიერი სეტყვა მოვიდა, დაისეტყვა ვენახები, ხალხს ყურძენი ჩასაბარებლად ჰქონდა გამზადებული და სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ არც ერთი კილოგრამი დაზიანებული, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მევენახეობა-მეღვინეობაში გასულ 10 წელთან შედარებით გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა და დღეს კი 2500-ია, ასევე ვენახების ფართობები 10 წლის წინ მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს, ხოლო 10 წელიწადში ვენახების ფართობები გაორმაგდა.
„შარშან 270 მილიონი ლარი მიიღო კახეთმა შემოსავლის სახით, მხოლოდ მევენახეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართულნი. შედარებისთვის, თუ ამას ავიღებთ, რა ხდებოდა 2012 წელს - მაშინ შემოსავალი იყო 35-40 მილიონი ლარი, მაქსიმუმ. ჯამში, 10 წელიწადში, 2 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს შემოსავლები კახეთის მევენახეებმა და ფერმერებმა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ თუ ამას შევადარებთ, ჩვენმა მევენახეებმა მიიღეს 2 მილიარდი კახეთში და მანამდე, წინა ხელისუფლების დროს შეიძლება ჯამურად 200 მილიონ ლარზე მეტი არ ყოფილიყო 10 წელიწადში მათი მმართველობის დროს შემოსავალი. რაც რა თქმა უნდა, ჩანს, რომ 10-ჯერ მეტი სხვაობა არის ჩვენ დროს და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილი და გააზრებული პოლიტიკა, დახმარებები, სუბსიდია. უამრავი პროგრამა, რომელიც მუშაობს დღემდე.
ასევე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მინდა მოვუწოდო ჩვენს მევენახეებს, აუცილებელია აგრო დაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. ჩვენ შარშან გვქონდა თუ არ ვცდები, 50%-იანი თანადაფინანსება და ჩვენ ეს გავზარდეთ 70%-მდე. ანუ 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი.
ასევე ერთ მონაცემს მოგახსენებთ - შარშან რეკორდული რაოდენობის, - 103 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა. აქედან ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალი შემოვიდა. ჩვენს მოქალაქეებს მეტი განვითარების, მეტი გამდიდრების საშუალება ეძლევა. ასევე შედარებისთვის მინდა აღვნიშნო, 10 წლის წინ დაახლოებით 20-30 მილიონი ლიტრი იყიდებოდა. ეს არის რეალობა, ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ, გავაძლიერებთ, კიდევ მეტ დახმარებას გამოვუყოფთ ჩვენს მევენახეებს, ფერმერებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი მევენახეებისთვის, რომ სანერვიულო არაფერი არ აქვთ, სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს, ასე, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა.