მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა" - რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში აქციებზე?

დარბევა

2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, რაც, პირველ რიგში, ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ განაპირობა. ამის შესახებ სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, მძიმე უფლებადარღვევათა წყება, ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო (გაზაფხულის აქციები). გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ (მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ), 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მარტამდე საპროტესტო აქციებზე (ზამთრის აქციები) არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შესაბამისად, ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია იკვეთება: მაგალითად, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიდან 30.2% მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ; 2023 წლის 7-9 მარტის აქციებზე - 20.8%; 2024 წლის აპრილ-მაისის აქციებზე - 51.1%; 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 60%; ამასთანავე, ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში - 2024 წლის 29 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის პერიოდში, მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე 79.5%, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვლის შეხვედრებისას 25 პირიდან 22, ე.ი. 88% აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.

"სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, მაშინ როდესაც ძალადობის ორ ეპიზოდში, რომლებიც სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში იყო აღბეჭდილი, მოძალადე სამართალდამცავი პირები შეუნიღბავები იყვნენ და შესაძლებელი იყო მათი ამოცნობა. ამის საპირისპიროდ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. დამატებით, დაკავებულთა გადმოცემით, მათთვის ტელეფონებისა და პირადი ნივთების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევის მასშტაბური შემთხვევებიც იკვეთება",- წერია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი, საგამონაკლისო წესით, გაეცნო გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე ორი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მასალებს. საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მიმდინარე გამოძიება არ წარმოებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების შესაბამისად. სახალხო დამცველმა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას კონკრეტული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისა და კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე, წინადადებით მიმართა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების უფლების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევებს და მოყვანილია ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც გასული წლის გაზაფხულის და ზამთრის საპროტესტო აქციებზე გამოკვეთა:

  • სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როგორც გაზაფხულის, ასევე, ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში, მასშტაბური
  • რამდენიმე ათეული მსხვერპლი მიუთითებს სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსგავსი, ერთნაირი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებაზე
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლები არ ატარებენ რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რაც არსებითად უშლის ხელს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მნიშვნელოვნად აზიანებს გამოძიების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ახალისებს დაუსჯელობას
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარკვეულ შემთხვევებში, უარს ამბობს ეთანამშრომლოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტული პირების ამოცნობაში. ამით, გამოძიებას, ხელი ეშლება ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში
  • არასათანადო მოპყრობის ჩამდენ პოლიციელთა მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი იმ შემთხვევაშიც არ დამდგარა, როდესაც მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო (მაგალითად, ორ შემთხვევაში, დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ, და ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ძალადობის ფაქტების დროს, როდესაც პოლიციელებს არ ეკეთათ ნიღბები და შესაძლებელი იყო მათი სახეზე ამოცნობა)
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არ არის ეფექტიანი
  • გამოძიება ეპიზოდურია და მიმდინარეობს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების შესაძლო პასუხისმგებლობის გამოვლენის ირგვლივ და არ შეისწავლის მოვლენებს სისტემურად, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლო ბრძანებისა თუ მდუმარე თანხმობის გამოვლენისა და სრული სურათის აღსადგენად
  • გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით. გამოძიება როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების ეპიზოდებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს
  • გამოძიებამ თითქმის ვერ მოიპოვა რელევანტური ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან თუ კერძო ობიექტიდან, ასევე პოლიციელების სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები და ე.წ. რაციების აუდიოჩანაწერები, მათ შორის, დაუსაბუთებელი ან ურთიერთგამომრიცხავი განმარტებებით
  • სახელმწიფო კვლავ არათანმიმდევრულად და თვითნებურად იყენებს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 156-ე მუხლს (დევნა შეუწყნარებლობის მოტივით) და პოლიტიკური ან/და განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დევნის მსგავს შემთხვევებს სხვადასხვა მუხლით აკვალიფიცირებს
  • გაზაფხულის აქციების პერიოდში აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ფიზიკურად მოძალადე სხვადასხვა ჯგუფიდან/პირიდან პასუხისგებაში მიცემული თითქმის არავინ არის. ასევე დაუსჯელები არიან ზამთრის აქციებისას ე.წ. შავნიღბიანი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სასტიკად დაესხნენ თავს, მათ შორის, ჟურნალისტებს
  • არ არის გამოვლენილი გაზაფხულის აქციებისას მოქალაქეებზე მიმდინარე სატელეფონო მუქარების, შეურაცხყოფების სავარაუდო ორგანიზატორები და ამსრულებლები
  • დაკავებულებს თვითნებურად და შაბლონურად უხანგრძლივდებათ დაკავების 24 საათი 48 საათამდე, რაც განზრახ უკანონო დაკავებაზე შეიძლება მიანიშნებდეს
  • პროტესტის მონაწილეთა ოფიციალური დამკავებელი პირები არ არიან ფაქტობრივად დამკავებელი პირები, რაც პოლიციელთა მხრიდან მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე შეიძლება მიანიშნებდეს
  • გამოკითხული დამკავებლად გაფორმებული პოლიციელები, როგორც წესი, მიუთითებენ, რომ დაინახეს კონკრეტული პირის მხრიდან სამართალდარღვევა, თუმცა, ამავე დროს, ხალხმრავლობასა და ხმაურზე მითითებით, ვერ ხედავდნენ ამავე მოქალაქეების მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობას
  • აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან არაერთი ჟურნალისტი გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, მათ ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაშ
  • გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს მხოლოდ რამდენიმე პირი მიუთითებდა ტელეფონისა და ნივთების წართმევაზე, ხოლო ზამთრის საპროტესტო აქციების დროს ათეულობით დემონსტრანტი აღნიშნავდა მობილური ტელეფონისა და პირადი ნივთების წართმევის, ასევე, ტელეფონში არსებული ინფორმაციის შემოწმების შესახებ
  • ზამთრის საპროტესტო აქციების დროს გაიზარდა იმ ქალთა რაოდენობა, რომლებიც მიუთითებდნენ სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ
  • გამოიკვეთა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა არასრულწლოვნებისა და შშმ პირის მიმართ
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ დრომდე არ დაუყენებია რომელიმე პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქე და დაკავებული მიუთითებდა სხვადასხვა უფლებადარღვევასა თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე
  • აქციების მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც სრულად არ ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაბამის გარანტიებს. უფლებრივი გარანტიების არარსებობის ფონზე, პარლამენტმა არსებითად გაამკაცრა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები
  • ორ საქმეში, სადაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ჩადებაზე და მათ უკანონო დაკავებაზე მიუთითებენ, პოლიციას ჩხრეკა-ამოღების განხორციელების პროცესში არც კი უცდია ნეიტრალური მტკიცებულებები მოეპოვებინა
  • სახალხო დამცველის აპარატისათვის გართულებულია დაკავებული პირების მოძიება და ადგილსამყოფელის დადგენა დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებამდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები