პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის და ონლაინგამოცემა “Business Insider Georgia”-ს დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ პოლიტიკური შეტევა ხორციელდება, რაც მას რეპუტაციულად ძალიან აზიანებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გამოცემულ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება საერთაშორისო სანქციათა რეჟიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
გიორგი აბაშიშვილის აზრით, ნათია თურნავას მიერ გამოცემულ ბრძანებაზე "ფუჭი აჟიოტაჟია ატეხილი.
- არცერთი წამით და წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი რაიმე ფორმით სანქციების ერთგული არ რჩება. ჩემთვის ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება ნიშნავს შემდეგს: საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით, რჩება სანქციების ერთგული და შესაბამისად, მე ვერ ვხედავ, რომ რაიმე ფორმით წინააღმდეგობაში მოვიდა კომერციულ ბანკებთან... ეროვნულ ბანკს შესანიშნავი კომუნიკაცია აქვს ბანკებთან. არაფერი აპოკალიფსური არ ხდება. ამის სურვილი ჰქონდა ბევრს, მაგრამ ვფიქრობ, დღეს სებ-ი და კომერციული საფინანსო სექტორი ერთ ენაზე საუბრობს, თუმცა რაღაც განსხვავებები შეიძლება არსებობდეს...
- ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემით თუ არაფერი მომხდარა, სამმა ვიცე-პრეზიდენტმა წასვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღო?
- მე ვერ გეტყვით... სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თავად უნდა თქვას... ვინ წავიდა, ვინ დარჩა, ჩემი საქმე არაა.
- მოკლედ, თქვენ ვერ კითხულობთ ამ ბრძანებაში იმას, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა მოხდება, თუ სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდება საქართველოს მოქალაქე?
- აბსოლუტურად ეს ამას არ ნიშნავს... თუ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ვიმოქმედებთ და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, ბუნებრივია, სანქცია აღსრულდება.