მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ასეთ პოლიტიკურ კრიზისში ამხელა ინვესტიციის განხორციელება მეეჭვება - გოგა მელიქიძე EMAAR-ზე

გოგა მელიქიძე

საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის წარმომადგენლის, გოგა მელიქიძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, კითხვები ჩნდება, რამდენად განხორციელდება დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფის $6 მილიარდიანი ინვესტიცია.

როგორც გოგა მელიქიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მსგავსი დიდი მოცულობის ინვესტიციის განხორციელება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს მსხვილ უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება აქვს.

„ასე არ ხდება, რომ ერთმა კომპანიამ ვალდებულება გაიჩინოს, რომ [ქვეყანაში] ექვსი ან ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ზოგადად, საქართველოში როგორ მუშაობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები? ამ ქვეყანას ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ეს ნაწილი „მოძვრა“. ბოლო ინვესტიცია, რაც მახსენდება ესაა, როდესაც „საქართველოს კაპიტალმა“ GWP გაყიდა ესპანურ კომპანიაზე, ეს იყო გარედან მოსული ახალი ფული, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში. იქამდე თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი FDI რეინვესტიციის ხარჯზე „ცხოვრობს“. საქართველო რამდენიმე ინვესტორთან საერთაშორისო არბიტრაჟშია შესული. ქვეყანა დიდი ხანია, საკუთარი FDI-ით აღარ აფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეს რაღაც დონეზე ტურიზმით და ფულადი გზავნილებით ჩანაცვლდა.

შესაძლოა, [EMAAR ჯგუფის“ მხრიდან] რაიმე ინვესტიცია მართლაც განხორციელდეს, და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, რაც მეტი ინვესტიცია შემოვა. დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიამ გარკვეული სურვილი გამოთქვა, თუმცა ბევრ პირობაზეა ეს დამოკიდებული. ასეთ პოლიტიკურ კრიზისში ამხელა ინვესტიციის ან მისი რაღაც ნაწილის განხორციელება, მე მეეჭვება.

რა ინვესტიციაც უნდა განხორციელებულიყო ჰიდროელექტროსადგურში, ის ჩავარდა, რაც ამ ქვეყანას წყალივით სჭირდება. მსხვილ. სტრატეგიულ ინვესტორებთან ურთიერთობის და მუშაობის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს და ამ დროს, მეორე ინვესტორი ჩამოდის და 6 მილიარდის ჩადების ვალდებულებას იღებს, ეს არა რელევანტურია“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტისას, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დეველოპერულმა კომპანია EMAAR ჯგუფმა საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები