მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიცით საქართველოში EMAAR-ის $6 მილიარდიან საინვესტიციო გეგმაზე?

მემორანდუმის ხელმოწერა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტისას გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ინვესტიციაზე გავრცელებული ინფორმაციის ძირითადი წყარო "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლები არიან და ჯერ ბევრი დეტალი უცნობია. BMG გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში EMAAR ჯგუფის საინვესტიციო გეგმებზეა ცნობილი.

მემორანდუმის გაფორმება

EMAAR ჯგუფის შვილობილ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში, 27 იანვარს გაფორმდა. საკითხზე ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს "ქართული ოცნების" პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან - დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.

რას ითვალისწინებს შეთანხმება?

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს.

უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები ინვესტორთან, თუმცა როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ეკონომიკის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და წინასწარი შესწავლა და შეფასება უკვე დასრულებულია.

ქართული დელეგაციის მასპინძლობის შესახებ გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნახსენებია მემორანდუმის გაფორმება, თუმცა არაა დაკონკრეტებული, რომ ინვესტიცია 6 მლრდ დოლარი იქნება ან პროექტის სხვა დეტალები.

სად განხორციელდება პროექტები?

ორი მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის ზუსტი მდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტები თბილისსა და ბათუმში (გონიო) განხორციელდება.

არაბულ ბიზნეს სიახლეების პლატფორმაზე Arabian Gulf Business Insight (AGBI) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი პროექტი არის თბილისში კრწანისის პარკი, რომელიც 590 ჰექტარზე განთავსდება და მულტიფუნქციური პროექტი იქნება საცხოვრებელი და კომერციული ფართებით.

ხოლო ბათუმში, გონიო მარინას პროექტი ზღვისპირა ზოლში 260 ჰექტარზე განთავსდება და მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, სასტუმროებს, პარკებს.

დამატებით, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში თქვა, რომ წინასწარი შესწავლა უკვე ჩატარებულია, გარკვეული ტერიტორიები გამოკვლეულია, რომელიც იმის საფუძველი იყო, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილება დადებითი ყოფილიყო.

როდის შემოვა $6 მლრდ საქართველოში? - ვადები

თავდაპირველად ვადებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ირაკლი კობახიძემ საამიროებში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება "ძალიან მალე" დაიწყებოდა.

მოგვიანებით, უფრო მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი ლევან დავითაშვილისგან, რომელმაც „იმედის“ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ $6 მილიარდიანი პროექტების დაწყებას ქვეყნის ბიუჯეტზე პირდაპირი გავლენა 2026 წლიდან ექნება. მისი ინფორმაციით, "დეტალური საპროექტო სამუშაოები მიმდინარე წლის უახლოეს ხანებში დაიწყება, ანუ მიმდინარე წელს ძირითადი დრო დეტალურ პროექტირებას დაეთმობა, სამშენებლო ეტაპზე კი მომავალი წლიდან გადავალთ და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება". დავითაშვილის თქმით, რამდენ წელზე იქნება ინვესტიციები გათლილი, ეს სწორედ პროექტირების ეტაპზე დაზუსტდება და სამოქმედო გეგმა გაიწერება. მისი მოლოდინია, რომ ეს იქნება 3-5 წლიანი პროექტი და შესაბამისად, ყოველი წლის განმავლობაში დაახლოებით $1 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება. ლევან დავითაშვილმა ისიც დააანონსა, რომ მეტ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოესი დღეებში მიაწვდის.

თავის მხრივ, Eagle Hills-ი აცხადებს, რომ საქართველოში მრავალმილიარდიანი პროექტი ჯერ არ წარუდგენიათ.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტი ჯერ არ არის დაწყებული. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ჩვენს სოციალურ მედია არხებს, სადაც იგი გამოცხადდება",- ნათქვამია დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ს მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

რას ელის არაბული ინვესტიციის შედეგად "ოცნების" მთავრობა?

"ქართული ოცნების" მთავრობაში ელიან, რომ EMAAR ჯგუფის $6 მილიარდიანი ინვესტიცია წლიურად ქვეყნის ეკონომიკას 1-1.5%-ით გაზრდის.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, ინვესტიცია უშუალოდ თბილისისა და ბათუმის ეკონომიკების დაახლოებით 2-3 %-იან ზრდას მოიაზრებს წლის განმავლობაში. მისივე თქმით, ეს ბიძგს მისცემს ძალიან ბევრ სხვა ინვესტორსაც.

ირაკლი კობახიძის თქმით, ინვესტიცია ქვეყანაში დეველოპერული სექტორის განვითარებას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

"მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რას საქმიანობს EMAAR ჰოლდინგი?

EMAAR-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერია, რომლის პროექტებს შორისაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა, ბურჯ ხალიფაც შედის. ჯგუფი UAE-სა და სპარსეთის ყურის რეგიონში მსხვილი მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტების განხორციელებით არის დაკავებული.

ჯგუფის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მათმა შემოსავლებმა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვიდან და კომერციული უძრავი ქონების გაქირავებიდან 7.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, წმინდა მოგება კი 4 მილიარდი დოლარი იყო. ჯგუფის აქტივები $38 მილიარდი, ვალდებულებები კი $14 მილიარდი დოლარია.

რა მოლაპარაკებები ჰქონდა ქართულ მხარეს EMAAR-თან?

უცნობია, რა ხანგრძლივობის მოლაპარაკებები უძღოდა წინ $6 მილიარდიან ინვესტიციაზე მემორანდუმის გაფორმებას.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით, EMAAR ჯგუფთან მოლაპარაკებები ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, როდესაც 2023 წლის მარტში ის Emaar Properties-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს შეხვდა. მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის 2023 წლის ივნისში შედგა. 2024 წლის თებერვალში კი კომპანიის დამფუძნებელთან შეხვედრა გამართა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები