მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მასშტაბური თანხების დახარჯვა 2026 წლიდან დაიწყება“ - რამდენ წელიწადში ჩადებს Emaar ჯგუფი $6 მლრდ-ს საქართველოში?

ეკონომიკის მინისტრი

"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, Emaar ჯგუფი და Eagle Hills-ი საქართველოში ინვესტირებას 2026 წლიდან დაიწყებს. მისი ინფორმაციით, ბათუმსა და თბილისში საინვესტიციო პროექტები დაახლოებით 3-5 წელიწადში განხორციელდება.

როგორც „ქართული ოცნების“ ვიცე-პრემიერმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, $6 მილიარდიანი პროექტების დაწყებას ქვეყნის ბიუჯეტზე პირდაპირი გავლენა 2026 წლიდან ექნება, თუმცა მისი თქმით, Emaar ჯგუფის საქართველოში შემოსვლა ინვესტორებზე დადებით გავლენას 2025 წლიდან მოახდენს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პროექტების ფარგლებში წლიურად დაახლოებით $1 მლრდ-ის ინვესტიცია განხორციელდება.

„ამ პროექტის დაწყებას უახლოეს ხანებში ვგეგმავთ. წინასწარი სამუშაოები ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულია, რაზედაც საზოგადოებას მეტ ინფორმაციას უახლოესი დღეების განმავლობაში მივაწვდით. ჩვენ წინასწარი შესწავლა უკვე ჩატარებული გვაქვს, გარკვეული ტერიტორიები გამოკვლეული გვაქვს, ჩატარებული გვაქვს კვლევები, რომელიც იმის საფუძველი იყო, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილება დადებითი ყოფილიყო.

დეტალური საპროექტო სამუშაოები მიმდინარე წლის უახლოეს ხანებში დაიწყება, ანუ მიმდინარე წელს ძირითადი დრო დეტალურ პროექტირებას დაეთმობა, სამშენებლო ეტაპზე კი მომავალი წლიდან გადავალთ და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება, კონკრეტული, მასშტაბური თანხების დახარჯვა მომავალი წლიდან დაიწყება.

პირველი დადებითი ეფექტი ამ გადაწყვეტილებას მიმდინარე წელს ექნება, რადგან საერთაშორისო მედიაშიც ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო.

თუმცა პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი ბიუჯეტში უკვე 2026 წლიდან გვექნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული ქალაქის - თბილისის და ბათუმის დაახლოებით 2%-იანი ზრდა შეიძლება გამოიწვიოს ამ პროექტების განხორციელებამ. წელიწადში ჩვენ დაახლოებით $1 მლრდ-მდე ინვესტიციას ვგულისხმობთ. რამდენ წელზე იქნება ინვესტიციები გათლილი ეს პროექტირების ეტაპზე დაზუსტდება, სამოქმედო გეგმა გაიწერება და ჩვენი მოლოდინით ეს იქნება 3-5 წლიანი პროექტი იქნება და შესაბამისად წლის განმავლობაში ეს მილიარდიანი ინვესტიცია იქნება. თუმცა წარმოუდგენელია რომელიმე მსხვილი პროექტი ერთ წელიწადში ხორციელდებოდეს, როცა ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთის გაზსადენის პროექტები. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და მნიშვნელოვანი ინვესტიციები რამდენიმე წელიწადზე გადანაწილდა, თუმცა აქ ვსაუბრობთ სწრაფ მყისიერ ეფექტზე, რადგან ისეთ დარგებზე ვსაუბრობთ, რომელიც უფრო სწრაფი ეფექტის მომტანია. ასევე ვსაუბრობთ იმ მიმართულებებზე, რომელშიც ბევრი ადგილობრივი რესურსი იქნება გამოყენებული. მას გადამდები ეფექტი უნდა ჰქონდეს სხვადასხვა დარგისთვის და ამ დარგში სხვადასხვა ინვესტორისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, 27 იანვარს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში.

დღეს არაბულმა ბიზნეს სიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც Eagle Hills-მა საქართველოში, ორ პროექტში 5,5 მილიარდ ევროზე მეტი ($5,7 მლრდ) ინვესტიციის ჩადების გეგმაზე განაცხადა. ამის შესახებ არაბული ბიზნეს სიახლეების პლატფორმა.

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი პროექტია თბილისში კრწანისის პარკი, რომელიც 590 ჰექტარზე განთავსდება და მულტიფუნქციური პროექტი იქნება საცხოვრებელი და კომერციული ფართებით.

ხოლო ბათუმში, გონიო მარინას პროექტი ზღვისპირა ზოლში 260 ჰექტარზე განთავსდება და მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, სასტუმროებს, პარკებს.

BM.GE-მ საქართველოში $6 მილიარდამდე ღირებულების პროექტების დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-ს კითხვებით მიმართა, რაზედაც კომპანიაში გვიპასუხეს: "გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტი ჯერ არ არის დაწყებული. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ჩვენს სოციალურ მედია არხებს, სადაც იგი გამოცხადდება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები