მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა (არ) წერია UAE-ს მიერ კობახიძის ვიზიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში?

საამიროები შეხვედრა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) სამუშაო ვიზიტით მყოფი "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 27 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. საქართველოს დელეგაციას საამიროების პრეზიდენტმა საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, რომლის ხელმოწერასაც ირაკლი კობახიძე საამიროების პრეზიდენტთან ერთად დაესწრო, EMAAR ჯგუფის მიერ საქართველოში განხორციელდება 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისსა და ბათუმში (გონიო).

შეხვედრის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც უმეტესად ემთხვევა ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მასში საუბარია მემორანდუმზე, მაგრამ არაა ნახსენები 6 მლრდ დოლარი, რაზეც ქართული მხარის მიერ ხდებოდა აქცენტირება.

უფრო დეტალურად, არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორმა ლიდერმა განიხილა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციები, ვაჭრობა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, გარემო და მდგრადობა.

მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რამდენიმე რეგიონულ და გლობალურ გამოწვევაზე, განსაკუთრებით მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.

შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA), რომელიც ძალაში გასულ წელს შევიდა და ის აღწერა, როგორც მთავარი ეტაპი ეკონომიკურ თანამშრომლობაში.

შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოში ინვესტირების შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს Eagle Hills Abu Dhabi-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა, ქართული მხარიდან კი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას.

"პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების კუთხით. ამ კონტექსტში აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე - უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.

საქართველოს მთავრობამ გამოთქვა ინტერესი, გაგრძელდეს მოლაპარაკებები აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია",- წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები