მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასეთი არადემოკრატიული კანონი ჩვენ ჯერ არ მიგვიღია“ – „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი

64088d0965ef0
თინათინ ნატმელაძე
08.03.23 18:05
907
„შინაარსის, კონტექსტის და ტექსტის გათვალისწინებით, ასეთი არადემოკრატიული კანონი ჩვენ ჯერ არ მიგვიღია, არც კი განგვიხილავს მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ“, - ასე შეაფასა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „აგენტების შესახებ“ კანონპროექტები.

ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატია მხოლოდ კანონი არაა, ის საზოგადოებასთან ერთად მოქმედებაა და როცა კანონის მიმართ ამხელა პროტესტია, მისი მიღება უკვე არადემოკრატიულია.

„ძალიან მძიმე, ნამდვილად შავი დღეა. რა თქმა უნდა, ბევრჯერ განხორციელებულა ისეთი ცვლილებები, რომელსაც დაპირისპირება და პოლიტიკური დებატები მოჰყვა, რადგან გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა და შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული საკითხები იყო არადემოკრატიული, მაგრამ ეს მთლიანად არადემოკრატიულია.

ეს არის კანონი, რომელიც დემოკრატიის საფუძველს და თავისუფალ სიტყვას ძირს უთხრის და აყალიბებს ლეგალურ ინსტრუმენტს რეპრესიების განხორციელებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატებმა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ განცხადება გაავრცელეს. 14 დეპუტატის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.

განცხადებასთან დაკავშირებით დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილი დეპუტატები თავიანთი მოსაზრების დაფიქსირებას პირად ვალდებულად თვლიან.

„ჩვენ გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვასრულებდით იმაში, რომ ქართულ ოცნებას რეფორმები განეხორციელებინა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და ვთქვათ, რომ ეს ის გზა არ არის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. ამ კანონზე მსჯელობა გულისხმობს დემოკრატიის ავ-კარგიანობაზე მსჯელობას, ანუ კარგია თუ არა დემოკრატია, ამაზე თუ ვმსჯელობთ ანუ სულ სხვა პოლუსებზე ვდგავართ“, - განმარტავს ცქიტიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები