მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთი იარაღის ხელისუფლების ხელში არსებობა უკვე სახიფათოა - ქეთი ქვარცხავა "რუსულ კანონზე"

blc
24.05.24 23:30
2628

BLC LAW-ის მმართველი პარტნიორი ქეთი ქვარცხავა ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ შეფასებას ვერ მისცემს, თუმცა სასიამოვნო არ არის, როცა მთავრობას ბიზნეს პარტნიორების მიმართ არამეგობრული რიტორიკა აქვს. ამის შესახებ მან BMG-ის განუცხადა. BMG დაინტერესდა, თუ რა გზავნილი იქნება ინვესტორებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში და ამ ფონზე რიტორიკა დასავლეთის მიმართ:

„მე არ ვარ პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური შეფასება მივცე ამ მოვლენებს, თუმცა არ არის სასიამოვნო, როცა ბიზნეს პარტნიორების, ძირითადი მოკავშირეების მიმართ არის რიტორიკა ძალიან არამეგობრულია. ყველა მოქმედებას და ჟესტს აქვს დიდი მნიშვნელობა და ამით გარკვეულ მესიჯს აგზავნი, რაც უნდა იყოს პოზიტიური. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა, რომ რიტორიკა გამოსასწორებელი გვაქვს. ირანში ვიზიტს რაც შეეხება, მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის სასიამოვნო საყურებელი არ არის“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

რაც შეეხება „რუსულ კანონზე“ მთავრობის მიერ დაანონსებული ვეტო-ს დაძლევის საკითხს, ქეთი ქვარცხავას მთავრობის პოზიციის დადებითი მიმართულებით ცვლილების იმედი არ აქვს.

„გამომდინარე იქიდან, რა რიტორიკაც გვესმის, ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ მოხდება სასწაული და ხელისუფლება პოზიციას შეიცვლის, თუმცა ეს იქნება ძალიან სასურველი ყველა დაკავშირებული მხარისთვის, ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, საინვესტიციო გარემოსთვის და ა.შ.

კანონი თავისი შინაარსით არის რეპრესიული. შინაარსის განხორციელება-არგანხორციელება გამომდინარეობს იქიდან, რამდენად კეთილგანწყობილი იქნება ხელისუფლება სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ. შესაბამისად, ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს ამ კანონს, როგორ იარაღად გამოიყენებს. თავისთავად, ასეთი იარაღის ხელისუფლების ხელში არსებობა უკვე სახიფათოა. ეს არის ჩემი პრეტენზიის ძირითადი საფუძველი, გარდა იმისა, რომ გვაშორებს დასავლეთს და პრაქტიკულად გვტოვებს მოკავშირეების გარეშე“, - თქვა ქვარცხავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები