BLC LAW-ის მმართველი პარტნიორი ქეთი ქვარცხავა ვენეციის კომისიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეფასებას გამოეხმაურა.
მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენეციის კომისიის გზავნილი, რომ ეს კანონი არ არის საჭირო, შესმენილი უნდა იქნეს.
"ვენეციის კომისიის დასკვნა დეტალურად განიხილავს ამ ავადსახსენებელი კანონის ყველა მუხლს. მეტიც, დასკვნაში ეს მუხლები გაანალიზებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ისე სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან შედარებით. ვენეციის კომისიამ გაიმეორა არაერთხელ ხაზგასმული პრეტენზიები და დაასკვნა, როგორც ყველა სხვა განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომ კანონი არის არასაჭირო, არაპროპორციული და დამაზიანებელი და მოუწოდა პარლამენტს გაიხმოს ეს კანონი.
ყოველივე ამის შემდეგ, ყველა საჯარო გამოსვლის და დისკუსიის შემდეგ, არ შეშვენის მოსახლეობის მიერ არჩეულ და დაქირავებულ პირებს თავისივე მოსახლეობის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა. არ შეშვენის ოფიციალურ პირებს ტყუილი, თითქოს კანონი ან არავის წაუკითხავს ან თუ წაიკითხეს, შინაარსობრივი პრეტენზია არავის გამოუთქვამს. არც მედია საშუალებებს არ ეკადრება ინფორმაციის და ფაქტების დამახინჯება და მოსახლეობისთვის ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდება, თითქოს მხოლოდ ლოზუნგია ეს ყველაფერი და ამდენი ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი", - წერს ქეთი ქვარცხავა.
იგი ასევე წერს, კონსპირაციის თეორიებზე რომელზეც მმართველ გუნდში საუბრობენ.
"ასევე უკიდურესი სირცხვილია უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო კონსპირაციის თეორიებზე საუბარი, როცა გუშინ თალიბანი პიროვნება გეგონა. უღირსობაა და დანაშაულია ადამიანების ცემაზე და დაშინების მცდელობაზე თვალის დახუჭვა. უღირსი მეთოდებით ღირსეული შედეგი არ მიიღწევა", - წერს იგი.
ვენეციის კომისიამ ე.წ რუსული კანონის შესახებ, რომელსაც მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უწოდებს, გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია "ქართულ ოცნებას" მკაცრად მოუწოდებს, რომ ეს კანონი გაიწვიონ.