ვენეციის კომისია მის მიერ გამოქვეყნებულ გადაუდებელ შეფასებაში აღნიშნავს, რომ საქართველომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უნდა გაიწვიოს, რადგანაც ის შეიცავს მთელ რიგ რისკებს დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. ამასთან, ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ ეს კანონი მთელ რიგ მსგავსებებს ატარებს რუსულ და ყირგიზულ კანონებთან მიმართებით.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის განაჩენში საქმეზე "ეკოდეფენსი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" სასამართლომ მიუთითა, რომ რუსეთის უცხოური აგენტების რეგისტრაციის 2012 წლის კანონი და მის მიერ დამკვიდრებული ახალი კატეგორია "უცხოური აგენტი", ორანიზაციებისთვის განკუთვნილი შემოწმებისა და რეპორტინგის ვალდებულებები, ასევე ფულადი ჯარიმები და სხვა ადმინისტრაციული ზომები ჩაითვალა იმგვარად, რომლებიც ორგანიზაციებს აყენებს ისეთ გარემოში, როგორიც დემოკრატიული საზოგადოებისთვის შეუფერებელია.
უკანასკნელ წლებში ვენეციის კომისიამ შეაფასა უცხოური აგენტების შესახებ კანონები, რომლებიც ამოქმედებული იყო რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში და განიხილებოდა მისი ამოქმედება ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, აღნიშნული კანონები ატარებენ უამრავ მსგავსებას აღნიშნულ კანონთან", - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
ვენეციის კომისია "ქართულ ოცნებას" მკაცრად მოუწოდებს, რომ კანონი გაიწვიონ.
"ვენეციის კომისია მკაცრად მოუწოდებს არსებული ფორმით ამ კანონის გაწვევისკენ, რადგანაც მასში არის ფუნდამენტური ხარვეზები, რომლებიც გამოიწვევს მძიმე ნეგატიურ შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასევე სამოქალაქო პროცესებში თანამონაწილეობის მიმართულებით, რადგანაც აკრძალვები და შეზღუდვები საბოლოო ჯამში დააზიანებს მოქალაქეთა უფლებებს იყვნენ ინფორმირებული, დააზიანებს პლურალიზმსა და დემოკრატიას", - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.