"სექტემბერში ყველა ერთად ხელისუფლებასთან ხელჩართულ ომში აღმოვჩნდებით", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "რუსული კანონის" შეფასებისას განაცხადა. თინა ხიდაშელი ელის, რომ "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის დასკვნას არ გაითვალისწინებს და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. მისი თქმით, შემოდგომიდან მედიაორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის ერთგვარი ომი დაიწყება.
"არ მგონია, რომ ვეტოს არ დაძლევენ. მაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის ბოლოს ეს კანონი ამოქმედდება და სექტემბერში ყველა ერთად აღმოვჩნდებით ხელისუფლებასთან ხელჩართულ ომში. ყველაში ვგულისხმობ თქვენ და ჩვენ, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. დაგარეგისტრირებ - არ დავრეგისტრირდები, ჯარიმას გადაგახდევინებ - არ გადავიხდი, უამრავი სამართლებრივი დავა იქნება. მაშინ, როდესაც ყველა ერთად არჩევნების დაკვირვების პროცესში უნდა ვიყოთ, ამ პროცესში გზის გაკვლევა მოგვიწევს. საბედნიეროდ, ამ ყველაფრის ბოლო ის არის, რომ არჩევნები არა 2 წელიწადში, არამედ რამდენიმე თვეშია და ეს ყველაფერი დასრულდება.
- გაქვთ დასრულების იმედი?
აბსოლუტურად. ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ვერ შეცვლის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ვენეციის კომისია წერს, რომ ქართული ოცნების გამჭვირვალობის კანონი არც ამერიკულია და არც ევროპული. ვენეციის კომისიამ ქართული კანონი უზბეკურსა და რუსულს შეადარა. ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, "აგენტების კანონი" არსებული ფორმით გააუქმოს.