საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი სხვა სივრცეს, გარდა იმისა, რომ კანონი უნდა გაუქმდეს. მისი განცხადებით, ის აცამტვერებს ვითომ არგუმენტებს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა.
"ვენეციის კომისიის დასკვნა არის ძალიან მკაფიო. ის არ ტოვებს სხვა შეფასების სივრცეს და არეალს, გარდა იმისა, რომ კანონი უნდა გაუქმდეს. აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეა გაკეთებული, რომელიც სრულად აცამტვერებს იმ დარჩენილ ვითომ სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" და კობახიძეს ჰქონდათ. დასკვნაში მითითებულია, რომ ეს კანონი არის რუსული. ის საუბრობს მსგავსებაზე რუსულ კანონთან. კომისია ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, რომლის მიხედვით, ეს კანონი, შეიძლება საქართველოს პარლამენტმა მიიღოს. "ქართული ოცნებისადმი" არის მოწოდება, რომ კანონი გააუქმოს, რაც პროცედურულად ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაიძლიოს. აღარ დარჩა მსოფლიოში სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც არ ამბობს, რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული. საბოლოო ჯამში, "ქართულმა ოცნებამ" თვითონ მიანიჭა ვენეციის კომისიას ლეგიტიმაცია, როდესაც ისინი არაერთხელ იმეორებდნენ, რომ დასკვნას დაელოდებოდნენ, თუმცა ვნახეთ, რომ ეს დასკვნაც გლობალური ომის პარტიის დაწერილად მოინათლა", - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
GDI-ის თავმჯდომარის თქმით, მმართველმა პარტიამ ქვეყნის იზოლაცია და რუსეთთან თანამშრომლობის გზა აირჩია. როგორც იურისტი აღნიშნავს, ახლა ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა.
"მათი [ქართული ოცნების] ერთადერთი მიზანი ამ კანონის მიღებაა. "ქართულ ოცნებას" ერთადერთი გზა აქვს არჩეული, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს, მათ შორის, იმ ფასად, რითაც მოსახლეობა მოიმკის. ეს არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ქვეყანას დააზიანებს. "ქართულმა ოცნებამ" სრული იზოლაციის გზა აირჩია, მათ შორის, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილების გზა და რუსეთთან მჭიდრო მიბმის და თანამშრომლობის გზა. ეს არის კატასტროფა, ეს არის შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის და საზოგადოებისთვის. თუ ამ განზრახვას საზოგადოება ვერ გაიაზრებს, ძალიან მძიმე პერიოდი გველოდება", - აღნიშნა იურისტმა.
ვენეციის კომისია მის მიერ გამოქვეყნებულ გადაუდებელ შეფასებაში აღნიშნავს, რომ საქართველომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უნდა გაიწვიოს, რადგანაც ის შეიცავს მთელ რიგ რისკებს დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით. ამასთან, ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ ეს კანონი მთელ რიგ მსგავსებებს ატარებს რუსულ და ყირგიზულ კანონებთან მიმართებით.