ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, "აგენტების კანონი" არსებული ფორმით გააუქმოს. კომისია აღნიშნავს, რომ "აგენტების კანონის" მიხედვით, სუბიექტის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარ" ორგანიზაციად განსაზღვრას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება, მათ შორის, ის "ძირს გამოუთხრის" როგორც ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას, ისე მის სანდოობას. ქართულ ოცნებაში ვენეციის კომისია მართულად უკვე გამოაცხადეს. ჯერ სალომე ქურასბედიანის, შემდეგ კი ანრი ოხანაშვილის პირით თქვეს, რომ ვენეციის კომისიას ტექსტი დააწერინეს.
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია BMG-სთან აცხადებს, რომ ვენეციის კომისია მაღალი დონის ექსპერტებისგან შედგება. მისი თქმით, კომისია გადაწყვეტილებებს ფაქტების საფუძველზე იღებს.
"ვენეციის კომისიის შემადგენლობაში ძალიან მაღალი დონის ექსპერტები არიან. ზეპირად მოსმენილი განცხადებების შედეგად კი არ აფასებენ, წინ უდევთ დოკუმენტები, კონკრეტული ფაქტები, საერთაშორისო გამოცდილებები. შესაბამისად, ის, რომ ვიღაცამ რაღაც მოსაზრება მიაწოდა ექსპერტებს და შეცდომაში შევიდნენ, აბსურდი და სრულიად სისულელეა", - აღნიშნავს ლონდა თოლორაია.
იურისტი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება"საერთაშორისო დონეზე საკუთარ არგუმენტებს ვერ ამტკიცებს.
" ხელისუფლების რიტორიკას თუ დავუჯერებთ, ყველგან "ნაციონალები" არიან: ვენეციის კომისიაში, სხვა ქვეყნების მთავრობებში, ევროპარლამენტში. მთელი მსოფლიო "ნაციონალურ მოძრაობად" ჰყავთ გამოცხადებული. უკვე ბოდვაში არიან გადასულები. Faceebok-იც დაადანაშაულეს, რომ თურმე გავლენებს ახდენენ. თუ მათ სათანადო ინტელექტი, უნარი აქვთ, სამართლებრივი არგუმენტებით ელაპარაკონ საერთაშორისო პარტნიორებს, ელაპარაკონ. იქნებ, მათი არგუმენტები უფრო არის გასათვალისწინებელი. მათი სისუსტეც არის , საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვთქვათ, არასამთავრობოებმა და პარტიებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. თვითონაც ხომ არიან ინფორმაციის წყარო, მიაწოდონ", - აცხადებს ლონდა თოლორაია.