მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მკაცრად მოვუწოდებთ ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ - ვენეციის კომისია "რუსულ კანონზე"

სს
21.05.24 20:41
718

ვენეციის კომისიამ ე.წ რუსული კანონის შესახებ, რომელსაც მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უწოდებს, გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისია "ქართულ ოცნებას" მკაცრად მოუწოდებს, რომ ეს კანონი გაიწვიონ.

"ვენეციის კომისია მკაცრად მოუწოდებს არსებული ფორმით ამ კანონის გაწვევისკენ, რადგანაც მასში არის ფუნდამენტური ხარვეზები, რომლებიც გამოიწვევს მძიმე ნეგატიურ შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასევე სამოქალაქო პროცესებში თანამონაწილეობის მიმართულებით, რადგანაც აკრძალვები და შეზღუდვები საბოლოო ჯამში დააზიანებს მოქალაქეთა უფლებებს იყვნენ ინფორმირებული, დააზიანებს პლურალიზმსა და დემოკრატიას", - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში მიუთითებს მსგავსებაზე რუსეთში მოქმედ ნორმასთან, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის შეუფერებლად არის მიჩნეული.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის განაჩენში საქმეზე "ეკოდეფენსი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" სასამართლომ მიუთითა, რომ რუსეთის უცხოური აგენტების რეგისტრაციის 2012 წლის კანონი და მის მიერ დამკვიდრებული ახალი კატეგორია "უცხოური აგენტი", ორანიზაციებისთვის განკუთვნილი შემოწმებისა და რეპორტინგის ვალდებულებები, ასევე ფულადი ჯარიმები და სხვა ადმინისტრაციული ზომები ჩაითვალა იმგვარად, რომლებიც ორგანიზაციებს აყენებს ისეთ გარემოში, როგორიც დემოკრატიული საზოგადოებისთვის შეუფერებელია,"- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისიამ შეაფასა კანონის საბოლოო რედაქცია, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირებისგან მრავლისმომცველი პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის ვალდებულება, მათ შორის სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში კი 5,000 ლარის ჯარიმაც განსაზღვრა. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ კატეგორიულად გაუმართლებელია მსგავსი სახის ინფორმაციის გამოთხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები