BDO-ს მმართველი პარტნიორის შეფასებით, რუსული კანონი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში დააბრუნა, რუსული მოდელია. მისი თქმით, მსგავსი კანონები რუსეთთან დამეგობრებულ ქვეყნებში მოქმედებს, საქართველოს ამ ქვეყნების სიაში ჩაწერა კი ქვეყნისთვის შემაფერხებელი იქნება.
"ასეთი ტიპის კანონები ისეთ ქვეყნებში იყო მიღებული, სადაც დემოკრატიით ვერ დაიკვეხნიან. ეს რუსეთთან დაკავშირებული, დამეგობრებული ქვეყნებია. შესაბამისად, ცუდი იქნება თუ საქართველო მათ რიგებში იქნება აღქმული", - აღნიშნა მან.
ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, კანონი დასავლეთიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგაა მიმართული.
"მთავარი არის ამოსავალი, ვის წინააღმდეგ მუშაობს კანონი. საქართველოში დაფინანსება, რაც შეიძლება შემოდიოდეს, დასავლეთიდანაა. სხვა მხრიდან, რომ ავიღოთ ჩრდილოელი მეზობელი, რა თანხაც შემოდის, ისედაც არ ჩანს.კანონის მიღება ავტომატურად ნიშნავს, რომ დასავლეთიდან შემოსული თანხების წინააღმდეგაა მიმართული", - აღნიშნა ლალაზაშვილმა.