მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთი ლოგისტიკური პროექტი ამ დრომდე აქ არ ყოფილა" - როდის ამოქმედდება თბილისის მშრალი პორტი?

ჯემალ ინაიშვილი

ლოგისტიკური პროექტის "თბილისი დრაი პორტის" I ფაზა სექტემბერში გაიხსნება. ამის შესახებ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში რუბრიკის „ინვესტიციების დროა“ ფარგლებში ისაუბრა. ცნობისთვის, პროექტს "თბილისი დრაი პორტთან" ერთად უმსხვილესი არაბული კორპორაცია ADP ახორციელებს, რომელთანაც მემორანდუმი გასულ თვეს გაფორმდა.

როგორც ჯემალ ინაიშვილმა აღნიშნა, არაბული ინვესტორი, ფაქტობრივად, მზა პროექტში შემოვიდა, ვინაიდან მას შუა დერეფნის მიმართ ინტერესი აქვს.

„ისინი უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს ყაზახეთში, უზბეკეთში. იგეგმება აზერბაიჯანი და სომხეთიც. ეს ჯაჭვი რომ შეიკრას, აუცილებელი იყო საქართველო. ალბათ, მათი დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ მხოლოდ "დრაი პორტით" არ დამთავრდება.

ჩვენ გვყავდა სხვა დაინტერესებული კომპანიები, რომელთაც ჩვენს პროექტში მონაწილეობა სურდათ, თუმცა ჩვენ ესენი ავირჩიეთ, სწორედ მათი ინტერესის გამო შუა დერეფნის მიმართ. ამას გარდა, ეს კომპანია შესაძლოა, არც თუ ისე დიდი ხნის კომპანიაა, მაგრამ ძალიან სწრაფად ვითარდება. მათ ძალიან დიდი საოპერაციო ოფისი აქვთ თურქეთში“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის მშრალი პორტი ლოგისტიკურად თბილისს დააკავშირებს ფოთსა და ბათუმთან.

„თბილისში არის საწყობები, თუმცა ასეთი პროექტი, რომელიც მოიცავს საკონტეინერო ტერმინალს, საწყობებს და აკავშირებს ფოთს და ბათუმს თბილისთან რეგულარული ბლოკ მატარებლებით, ამ დრომდე არ ყოფილა“, - აღნიშნა მან და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პირობებში მსგავსი პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, - „ზოგადად, ეკონომიკური ზრდა მოითხოვს უფრო მეტ იმპორტს. მაგალითად, ბინათმშენებლობის ბევრი ახალი პროექტი დააანონსდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ცემენტის და არმატურის გარდა, ყველაფრის იმპორტი იქნება საჭირო. წარმოიდგინეთ, თითოეული აშენებული სახლი არის ასობით კონტეინერი, რომელიც შემოვიდა. ეს ძალიან უბრალო მაგალითია. ამას ემატება შუა დერეფანი და გაზრდილი მოთხოვნა და ინტერესი შუა დერეფნის მიმართ“.

აღსანიშნავია, რომ "თბილისის მშრალი პორტი" ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება. კერძოდ, პროექტი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით 12,300მ2).

თბილისის მშრალი პორტის პროექტზე bm.ge ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა. როგორც მაშინ bm.ge-მ გაარკვია, კომპანია „თბილისი დრაი პორტი“ ლოგისტიკურ პროექტში 27 მლნ ლარის ინვესტიციას გეგმავდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „თბილისი დრაი პორტს“ 2021 წელს გადაეცა თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. საუბარია ქინძმარაულისა და რქაწითელის ქუჩებზე მდებარე 11 ერთეულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე.