მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთი მთავრობა ასეთი გეგმით ნდობას იმსახურებს - დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი
08.02.24 19:44
68

"ასეთი მთავრობა ასეთი გეგმით ნდობას იმსახურებს", - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის წევრებს განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით სონღულაშვილმა თქვა, რომ სამთავრობო პროგრამა და სამოქმედო გეგმა პასუხისმგებლობიანი გუნდის მიერაა შექმნილი და სრულად პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც დგას საქართველოს სახელმწიფოს წინაშე.

"მოვისმინეთ პროგრამა და მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც არის პასუხისმგებლიანი გუნდის მიერ შექმნილი და სრულად პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც დგას საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, ცალსახად მორგებულია საქართველოს მოქალაქეების მოლოდინებზე და ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისა და ევროპულ ოჯახში თანაარსებობის ყველა შესაძლებლობას!

მოვისმინეთ არა პოსტულატები, არამედ გააზრებული და დათვლილი, ყოველმხრივ გადამოწმებულ მოქმედებათა სტრატეგია და უმცირეს ნიუანსებამდე გაშლილი დეტალები, რომლის განხორციელებითაც იქნება მიღწეული უმთავრესი შედეგი.

ფაქტია, ასეთი მთავრობა ასეთი გეგმით იმსახურებს ნდობას და იმსახურებს პარლამენტისა და საზოგადოების მხარდაჭერას!

ბატონო ირაკლი, პატივცემულო მინისტრებო წარმატებას გისურვებთ! მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მიღწეული შედეგებისთვის და თანამშრომლობისთვის და წარმატება ვუსურვო საქმიანობაში.

3 დღეა გრძელდება დებატები მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით. გუშინწინ 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოვისმინეთ ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მოხსენებები და სამთავრობო პროგრამის განხილვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრებს წარმოდგენილი მოხსენებისთვის, რითაც მკაფიოდ გააცხადეს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეები, პროგრამები და პროექტები. მოვისმინეთ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე ჩვენმა კოლეგებმა და დღეს უკვე მთელმა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხები და იმ ორიენტირებზე სრულფასოვანი წარმოდგენები მიიღეს, რომლისკენაც არის მიმართული მთავრობის საქმიანობა.

აქ დარბაზში მსხდომი თითქმის ყველა ადამიანი, კარგად ვაცნობიერებთ რა გამოწვევების პერიოდში გვიწევს საქმიანობა და რა ურთულესი გზის გავლა გვიწევს გარე შოკებისგან თავის დაცვისათვის. ჩვენი სამეზობლო რეგიონები უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და მყიფეა მთელ მსოფლიოში.

თითქმის არ არის დარჩენილი აქამდე ეკონომიკურ თეორიაში ცნობილი ხელის შემშლელი ფაქტორებიდან არცერთი, რაც ახლომახლო არ ხდება - რამდენიმე ომი, სამხედრო დაპირისპირება და კონფლიქტური სიტუაცია, ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე მსოფლიოში - ჩვენ სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოში, ლოგისტიკური მარშრუტების რღვევა, მილიონობით დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირები.

რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამ სიტუაციას და არ შევანელოთ სწრაფი განვითარება და ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა, როგორ გავაუმჯობესოთ და კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო, როგორ გავაგრძელოთ ყველა დარგში მიმდინარე რეფორმები - ეს არის დღეს მთავრობის როგორც დღევანდელი, ასევე სამომავლო საზრუნავი.

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პირველ რიგში, და შემდეგ უკვე კომიტეტის თავმჯდომარისთვის და მაჟორიტარი დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანი და ღირშესანიშნავია პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და მისი სამთავრობო გუნდის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის სათაური „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რადგან სწორად განსაზღვრავს მის შინაარს, ჩვენ მისწრაფებას და სვლას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნიდან მისი ღირსეული წევრობისაკენ.

საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა არის მიზნობრივი, ფაქტებზე და შესაძლებლობებზე დაფუძნებული გაწერილი სამოქმედო გეგმა. ჩვენი პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ცალსახაა - ეს გეგმა რეალურია, შესრულებადია და ითვალისწინებს ყველა, გარე თუ შიდა გამოწვევებთან გამკლავებას. ამიტომ ვუცხადებთ ნდობას ახალი პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილ მთავრობის ამ შემადგენლობას.

როდესაც ვამბობ, რომ დოკუმენტი დამყარებულია ფაქტებზე, ვგულისხმობ წარსულ გამოცდილებას და ვიაზრებ და ვაანალიზებ იმ პროგნოზებს, რომელიც გაწერილია პროგრამაში.

ყველას კარგად ახსოვს, რომ 2020-ში პანდემიის გამო უმძიმესი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რის გამოც ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%-მდე, ხოლო მთავრობის ვალი უპრეცედენტოდ მაღალ - 60.2%-მდე გაიზარდა. სწორი ეკონომიკური პროგრამის მეშვეობით, მხოლოდ 2021-2023 წლებში მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2.5% პროცენტამდე, ხოლო მთავრობის ვალი 39.5%-მდე შემცირებულიყო. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით 23 000 ლარს გადავაჭარბებთ, ანუ 8400 დოლარს.
ასეთი ეკონომიკური ზრდა და ნახტომი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ემყარებოდა. ერთ-ერთს გამოვარჩევდი: პარლამენტისა და მთავრობის კონსოლიდირებულ და ჰარმონიულ თანამშრომლობასა და პარტნორობას.

რეფორმების ბაზა, საკანონმდებლო მხარდაჭერა ქმნიდა საძირკველს მთავრობის საქმიანობისთვის, ხოლო მთავრობა თავის მხრივ სწორი გადაწყვეტილებებით ოპტიმალურ შედეგებს დებდა. თანამშრომლობა კიდევ უნდა გაგრძელდეს და მხოლოდ ჩემი კომიტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მომზადებული კანონპროექტები, რომლებსაც წელს განვიხილავთ და მივიღებთ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას.

მინდა გამოვყო რამდენიმე სტრატეგიულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც გაამყარებს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მთავრობის ნდობის ხარისხს.
პირველ რიგში, ევროპასთან ინტეგრაციის გაძლიერების ეკონომიკურ ასპექტებს შევეხები.

ყველამ იცის, რომ ევროკომისიას უკვე წარვუდგინეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“ 2024-2026, სადაც ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისებისა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი.

მეორე საკითხი, რომელზეც ჩვენი კოლეგების ყურადღება მინდა გავამხვილო, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, კაპიტალის ბაზრის განვითარებას და სტრუქტურულ რეფორმას, ასევე ქვეყნის, როგორც მულტიკომპლექსური (და არამარტო სატრანსპორტო) ჰაბის პოტენციალის გამოყენებას ეხება. ეს საკითხები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთიმეორეზე.

ტვირთებისა და ნაკადების სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჯაჭვების მიმართულების ცვლილება, შიდა ინფრასტრუქტურული ცვლილებების ამძრავია. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის გამოყენების გაზრდაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებისა და არსებული პორტების განვითარების, ასევე სარკინიგზო გადაზიდვების სისტემის მოდერნიზება-გადაიარაღების და საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების გარეშე, წარმოუდგენელია საქართველოს როლის გაზრდა, როგორც სანდო და უსაფრთხო პარტნიორის.

ამ ყველაფერს მილიარდობით ახალი ინვესტიცია ჭირდება. აქ ორ ნაწილად გავყოფდი ინვესტიციების ნაწილს, რადგან მთავრობის ყველაზე ძლიერ გზავნილს ამ საკითხში მოველი - პირველი, აუცილებელია, კაპიტალის ბაზრის რესტრუქტურიზაცია და განვითარება, რადგან დაფინანსების ალტერნატიული ახალი წყაროები გაჩნდეს ქვეყანაში, და მეორე, პირდაპირი საგარეო ინვესტიციების მოზიდვისთვის გააქტიურებული ქმედებები ახალი ინსტიტუციონალური ინვესტორების მოსაზიდად.

ამას თან უნდა დაერთოს ევროპა-აზია, აზია-ევროპის შემაერთებელი ინტერნეტ და მონაცემთა ცენტრების განვითარება და სრულიად ახალ გამოწვევაზე - ხელოვნურ ინტელექტზე ჩვენი პასუხიც. წარმატებულ და გამორჩეულ მაგალითებზე დაყრდნობით, აუცილებელია, შეიქმნას საქართველოს მთავრობის სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით. პირველ რიგში, ეს დაგვეხმარება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ევროკავშირის აქტთან მისადაგებაში და, მეორეს მხრივ, ხელს შეგვიწყობს შუა დერეფნის კონტექსტში - რეალურად უალტერნატივო ჰაბის ჩამოყალიბებისა და განვითარების კუთხით.

დიახ, ეს სტრატეგია დაგვეხმარება ფოკუსირება მოვახდინოთ ციფრული ეკონომიკისა და ციფრული ინსფრასტრუქტურის განვითარებაზე. ამასთან, მეტი საშუალებები გავაჩინოთ როგორც ახალი პროფესიების ათვისების, ასევე, შესაბამისად, დასაქმების ზრდის მიმართულებით.
დღეს ჯერ კიდევ შუა დერეფანს პლატფორმის სახე აქვს და ჯერ კიდევ პერსპექტივაა, ეკონომიკურად მომგებიანი პერსპექტივა. დიახ, ტვირთბრუნვა გაზრდილია, დიახ ცენტრალური აზიის ტვირთები გადმომისამართდა საქართველოსკენ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენი ამოცანაა, რომ შუა დერეფანი, სადაც საქართველოს განსაკუთრებული როლი აკისრია, უალტერნატივო და ძირითადი დამაკავშირებელი იყოს აზიის ევროპასთან და ევროპის აზიასთან და სხვა კონტინენტებთან.
ჩემი გამოსვლა მინდა დავასრულო ენერგეტიკის საკითხებზე მნიშვნელოვანი სიახლის გახმაურებით.პრემიერმინისტრობის კანდიდატთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტებტან ერთად, რამდენიმე წლის განმავლობაში პარლამენტში და კომიტეტში ვიმუშავეთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფციაზე, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების აქტის განუყოფელი ნაწილი გახდება.

წარმოდგენილ სამთავრობო დოკუმენტში ენერგეტიკის საკითხს, ენერგეტიკულ პოლიტიკასა და სტრატეგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განხორციელებული რეფორმები, ამ დარგში მოზიდული ინვესტიციები თუ პროგნოზები ნათლად აჩვენებს მთავრობის განზრახვას, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი ოპტიმალურად იყოს ათვისებული მდგრადი განვითარების პრინციპების სრული დაცვით.
საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფცია კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის პოზიციებს განახლებადი ენერგიების წარმოებისათვის: მზისა და ქარის, ჰიდრო-სადგურების მშენებლობისა და მწვანე წყალბადის წარმოების მიმართულებით.

ენერგოდამოუკიდებლობის კონცეფცია მკაფიო გზავნილი იქნება ჩვენი მოქალაქეებიისთვის, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დაცვის კუთხით გააკეთებს ყველაფერს. სწორი მუხტი იქნება დარგის ინვესტორებისთვის გრძელვადიან პერიოდში პრიორიტეების განსაზღვრის მიმართულებით.

ამ ყველაფრის შემდეგ, ძნელია, არ დამეთანხმოს ვინმე, რომ წარმოდგენილი პროგრამა, წარმოდგენილი მაჩვენებლები და ინდიკატორები, პრიორიტეტები და ორიენტირები, იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას, ხოლო პრემიერმინისტრის მიერ წარმოდგენილი მთავრობა - ნდობას", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები