"ამგვარი რეგულაცია გრანტის გამცემს და მიმღებს ავალდებულებს, დაგეგმილი აქტივობები შესაბამისობაში მოიყვანონ სამთავრობო პროგრამასთან და მმართველი პარტიის პოლიტიკასთან", - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ყოფილი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე "გრანტების შესახებ" კანონზე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით "ასეთი საქმიანობის მთავრობისთვის შეთანხმება ნიშნავს შინაარსობრივი კონტროლის დაწესებას".
"გრანტების შესახებ" კანონი პირველი მოსმებით უკვე მიღებულია. ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ორი დღეა კითხულობენ ,,რა პრობლემაა, რომ მთავრობას მიმართონ და აიღონ თანხმობა.” იგულისხმება, ნებისმიერ საკითხზე მიმართვა - ხეების დარგვის კამპანიიდან დაწყებული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე ლექციის ჩატარებით დამთავრებული.
ასეთი საქმიანობის მთავრობისთვის შეთანხმება ნიშნავს შინაარსობრივი კონტროლის დაწესებას. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიმართავს მთავრობას გრანტის გაცემის თანხმობაზე, არსებული წესის თანახმად, მთავრობა შეისწავლის გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას და დაადგენს მათ შესაბამისობას სამთავრობო პროგრამასთან, საქართველოს მთავრობის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებსა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან. ამგვარი რეგულაცია გრანტის გამცემს და მიმღებს ავალდებულებს, დაგეგმილი აქტივობები შესაბამისობაში მოიყვანონ სამთავრობო პროგრამასთან და მმართველი პარტიის პოლიტიკასთან.
ეს რეგულაცია იმთავითვე გამორიცხავს თანხმობის გაცემას იმ ინიციატივებისათვის, რომელიც თანხვედრაში არ იქნება სამთავრობო პროგრამასთან ან მაგალითად, ადამიანის უფლებების სტრატეგიასთან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს საკითხები, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტებში ვერ აღწევს, თუმცა, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ არის ეს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის საიას, ეს საკითხი დიდი ხანია უკვე გასაჩივრებული აქვს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურადაც არ იწუხებს თავს, რომ სხდომა ჩანიშნოს.
ასევე, ადვოკატთა გაერთიანებები, მათ შორის, ადვოკატთა ასოციაცია წუხს, რომ ეს კანონპროექტი კანონად ქცევის შემთხვევაში ადვოკატებისთვისაც საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს.
,,ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს არც ამაზე გაუციათ მკაფიო პასუხი, რომ ამ ტიპის მომსახურების ხელშეკრულებებზე ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონი იმოქმედებს და ეს ცვლილება არ ვრცელდება. მომსახურების სფერო ისე ზოგადად არის კანონპრექტში ჩაწერილი, რაც დასჭირდებათ, შეუძლიათ ის ჩასვან და წარმოვიდგინოთ, რა შემთხვევასთან გვექნება საქმე. მაგალითად, მთავრობის წინააღმდეგ საქმის წარმოება რომ გინდა უცხოელს ვინ იქნება შენი ადვოკატი, მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს", - წერს ნონა ქურდოვანიძე.




























