გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიციირებულია, გრანტის ცნებას აფართოებს.
"გრანტების შესახებ" კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის და იურიდიული პირისათვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, "რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს".
გრანტად აგრეთვე მიიჩნევა:
ა) ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემისთვის ტექნიკურ დახმარებას ეწევა ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით;
ბ) უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით;
ამასთან, გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული თავისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები (ეს პუნქტი არ ვრცელდება ბიზნეს საქმიანობის განხორციელების მიზნით ფულადი სახსრების გადაცემის შემთხვევაზე); კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
კანონში ასევე ჩნდება “თვალთმაქცური გრანტის” ჩანაწერიც.
“ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული იმ სახსრების მიღება ან გამოყენება, რომელიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია იმავე კანონის მე-5 ან 5² მუხლებით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, - ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე”, - წერია კანონპროექტში.
კანონი გავრცელდება ასევე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზეც, რომლებისთვისაც “საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე”.
ამგვარად, ის იურიდიული პირები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან დარეგისტრირებულნი და მათი საქმიანობის ძირითად სფეროს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე აქტივობის განხორციელება წარმოადგენს, ვალდებულნი არიან გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობით მიიღონ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს უხდიან ფულს იმის სანაცვლოდ, რომ "მათ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობა განახორციელონ".
კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ კომიტეტებს გადაეცა. ცვლილებების ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.




























