ასეთი ცუდი სასამართლო დამოუკიდებელ საქართველოს არასდროს არ ჰყოლია, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებისას საუბრობს.
მისი თქმით, დღეს საქართველოს მომავლის მიმართ ბიზნესს ნდობა აღარ აქვს. ის დასძენს, რომ სასამართლო სისტემა "სრულიად გამოშიგნულია", სანქცირებულია და კორუმპირებული კლანის მიერაა მართული.
„არანაირი ნდობა დღეს ამ ქვეყნის მომავლის მიმართ ბიზნესში აღარ არსებობს. ვხედავთ ძალიან კარგად, რომ სასამართლო აბსოლუტურად გამოშიგნულია. დიდი ხანია ამ ქვეყანაში ვლაპარაკობთ სასამართლოზე, როგორც ხელისუფლების პრობლემურ შტოზე, მაგრამ, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ცუდი სასამართლო დამოუკიდებელ საქართველოს არასდროს ჰყოლია.
სასამართლო, რომელიც იმართება კორუმპირებული და სანქცირებული კლანის მიერ, რომელიც არის აბსოლუტურად პოლიტიზებული. ადრე იყო გარკვეული სისტემური პრობლემური, ახლა სისტემური პრობლემები კი არ არის, არამედ ერთეული მოსამართლეების გარდა, მთლიანი სისტემა არის დასაშლელი. შესაბამისად, ბიზნესი ვერ ეკიდება ამ ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად. ადამიანები [ფულს] აღარ ხარჯავენ“, - ამბობს ბიბილაშვილი.
„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის თქმით, „როდესაც ეს ადამიანები დე ფაქტო ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება იმ ზიანის გამოსწორებას და იმ ნალექის გაქრობას, რომელსაც დასავლელ მეზობლებში ეს ადამიანები დატოვებენ“.