„როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტები მომავალ კვირას, 2 ნოემბრიდან საქართველოდან რუსეთში გაგზავნილი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობიან. ასევე ჩაატარებენ იმ ლაბორატორიის აუდიტს, რომელიც რუსეთში გაგზავნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნაშთებს იკვლევს - ინფორმაციას რუსული მედია უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტი საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით განხორციელდება და მიზნად ისახავს საბაჟო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე ზედამხედველობის ერთიანი მიდგომების შემუშავებას.
რუსული მედიის ცნობით, ფედერალური სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის "Аргус-Фито"-ს 24 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთმა 2026 წლის დასაწყისიდან საქართველოდან 70,5 ათასი ტონა ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის იმპორტი განახორციელა. კერძოდ, ვაშლატამას შესყიდვები გაიზარდა 7,8%-ით (17,9 ათას ტონამდე), ვაშლის -17,5%-ით (15,3 ათას ტონამდე), ლურჯი მოცვის - 46,7%-ით (9,5 ათას ტონამდე), ქლიავის - 1,7-ჯერ (6,7 ათას ტონამდე), მანდარინის - 1,6-ჯერ (3,4 ათას ტონამდე), ახალი ლეღვის - 21,2%-ით (1,9 ათას ტონაზე მეტამდე), ხოლო საზამთროსი -1,6-ჯერ (1,4 ათას ტონამდე).
ცნობისთვის, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის დელეგაცია ოქტომბერში, თბილისში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, 20-22 ოქტომბერს დელეგაცია მსოფლიო ცხოველთა ჯანმრთელობის ორგანიზაციის (WOAH) რეგიონულ სემინარში მონაწილეობს, რომლის მიზანიც ვეტერინარული პროდუქტების რეგულირების სისტემების გაძლიერებაა.
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, სემინარის ფარგლებში რუსეთის უწყების წარმომადგენლები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოება, მეცხოველეობის პროდუქტებით ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა და ორივე ქვეყნის ბაზარზე პროდუქციის ახალი სახეობების დაშვების საკითხები განიხილეს.
























