მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთი უხეირო და მისამშაბათებული რეფორმა არ მინახავს არასდროს, საბჭოთა პერიოდშიც კი|ინტერვიუ ილიაუნის რექტორთან

ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძეს სჯერა, რომ ილიაუნი დაიბრუნებს იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმის სახელით გაუუქმეს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ რეფორმის შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების რაოდენობა და საგანმანათლებლო პროგრამები, დაახლოებით, 80-93%-ით შეუმცირდა.

როგორც ცნობილია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლებისთვის საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე - 60 სტუდენტს მიიღებს. ცნობისთვის: გასულ წელს ილიაუნის კვოტა 4207 იყო.

ცხადია, ძველ სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამებს ვუგრძელებთ, მაგრამ მტკიცედ გვჯერა, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ამ პროგრამებს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის მომავალი, ეს არის ამ ქვეყნის მომავალი, საერთოდ ჩვენი კეთილდღეობის მომავალია”, - თქვა ნინო დობორჯგინიძემ “წერტილში”.

ილიას უნივერსიტეტის რექტორს მიაჩნია, რომ განათლების რეფორმით განათლების სამინისტრომ მთელი საგანმანათლებლო სისტემა ჩამოშალა.

“სიმართლე გითხრათ, პატარაც არა ვარ და ასეთი დაუგეგმავი და უხეირო, ისეთი მისამშაბათებული რეფორმა არ მინახავს არასდროს, მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც კი”, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

ნინო დობოჯგინიძე რეფორმის მექანიკურ ხასიათზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ილიაუნიში არსებულ უნიკალურ სამეცნიერო კერებზე, რომელთა სხვა სივრცეში ხელოვნურად გადატანა, მისი შეფასებით, შეუძლებელია. ამის მაგალითად რექტორმა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბაზაზე შექმნილი გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი მოიყვანა. [ცნობისთვის: გლაციოლოგიის ცენტრი სწავლობს მყინვარებს, კრიოსფეროსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებს]

„[29 მაისს] საქართველოში ერთადერთი გლაციოლოგიური ცენტრის ანგარიშისა და მათი პროგრამების პრეზენტაცია გვაქვს. იცით, ეს რა არის?! ეს არ არის არც ბატონი გივი მიქანაძის, არც ბატონი ირაკლი კობახიძის და არც ნებისმიერი სხვა პირის გასახსნელი ან დასახური. ეს ეხება იმ უზარმაზარ ბუნებრივ გამოწვევას, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას - კავკასიონზე მყინვარების დნობას. საქართველოში ვერ ნახავთ სხვა სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, რომელიც ფოტოგრამეტრიისა და დისტანციური ზონდირების მეთოდოლოგიით მუშაობს; გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი ამ უნივერსიტეტში ერთადერთია. ეს მიმართულება ბატონი ლევან ტიელიძის დამკვიდრებულია, რომელიც თავად არის ამ დიდი საერთაშორისო პროგრამის მმართველი საბჭოს წევრი. მან კავკასიის მყინვარების დნობის პროცესი 215 000 მყინვარის კომპარატივისტულ ანალიზთან ერთად შეისწავლა. სწორედ ეს სჭირდება დღეს მეცნიერებას და არა ის ბრტყელი სიტყვები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიმღებნი ამბობენ. აბა გვითხრან, რით ანაცვლებენ ან სად მიაქვთ ეს ყოველივე?! ან როგორ წარმოუდგენიათ, რომ ჯგუფი, რომელიც ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტში, კონკრეტულ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩამოყალიბდა, ასე უბრალოდ მოწყვიტო და სხვაგან გადაიტანო?!”, - აცხადებს რექტორის.

პროცესის საილუსტრაციოდ ნინო დობორჯგინიძე არქიტექტურულ ანალოგიას იყენებს და განმარტავს, რომ სამეცნიერო მიმართულებები უნივერსიტეტში წლების განმავლობაში, სხვადასხვა დარგის სინთეზით ყალიბდება: „წარმოიდგინეთ, შენობა ისეა აშენებული, რომ მზის ენერგიას ოპტიმალურად იყენებს. ახლა თქვენ რომ მოინდომოთ, ამას ერთი ოთახი ჩამოატეხოთ და გადაიდგათ - "მე ამას წავიღებ და სხვაგან, სხვა შენობას მივუერთებო“, ის შენობა ხომ არ არის ამ სტანდარტების მიხედვით გაკეთებული. ამ პროგრამების ერთი ადგილიდან მეორეზე მექანიკურად გადატანა ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს გლაციოლოგია ეკოლოგიის, სეისმური მონიტორინგის, პალეოარქეოლოგიისა და სხვა ჯგუფების ერთობლივი მუშაობით ჩამოყალიბდა და ამის ასე ამოგლეჯა და სხვაგან წაღება დაუშვებელია".

მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც ილიაუნის განათლების რეფორმამ მოუტანა, რექტორი აცხადებს, რომ უნივერსიტეტს არ აქვს მორალური უფლება, შეაჩეროს საქმიანობა, რადგან თანამედროვე სამყაროში განათლება ქვეყნის სტრატეგიული სიძლიერეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები