თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ირწმუნება, რომ ვაკის პარკში ინვესტორთან მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და იქ სასტუმრო არ აშენდება. ასე პასუხობს ბასილაია bm.ge-ს კითხვას, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკება "სასტუმრო ბუდაპეშტის" მშენებლობასთან.
"ინფორმაციას გავაჟღერებთ, როცა საბოლოო შეთანხმება იქნება მიღწეული, თუმცა, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება. მოლაპარაკება კვლავ ადგილმონაცვლეობაზე მიმდინარეობს, ახლოს ვართ დასრულებასთან და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, - აცხადებს ანდრია ბასილაია.
ინფორმაციისთვის: თბილისის მერიასა და "ტიფლის დეველოპმენტს" შორის ვაკის პარკში "სასტუმრო ბუდაპეშტის" აშენებასთან დაკავშირებით დავა წლების განმავლობაში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც როგორც ინვესტორი კომპანია ირწმუნება, 2013 წელს სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვაა გაცემული. პროექტი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ამავე სახელობის კომპანიამ უნდა განახორციელოს, თუმცა თბილისის მოქმედი მთავრობა ამაზე უარს აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტპაზე თბილისის მერია "ტიფლის დეველოპმენტს" ადგილმონაცვლეობას სთავაზობს. მოლაპარაკება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.




























