მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც [ვაკის პარკის კასკადის პროექტს] განახორციელებდა" - კალაძე

ვაკის პარკი

კახა კალაძის თქმით, საქართველოში ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის პროექტს შეასრულებდა. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები უცხოელთა ჩართულობით მომავალ წლებში დასრულდება.

"ვაკის პარკი თქვენ იცით რომ, ერთ-ერთი მსხვილი რეკრეაციული სივრცეა, რომლის რეაბილიტაცია დაიგეგმა და რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია ე.წ. კასკადი, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საქართველოში, სამწუხაროდ, ვერ მოიძებნა კომპანიები, რომლებიც აღნიშნულ პროექტს შესაბამისად განახორციელებდნენ და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებდნენ.

ჩემი მოადგილე ანდრია ბასილაია აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული პროექტის მოწერსიგებაში, სამშენებლო და საპროექტო კომპანიების მოძიებაში და უცხოელების ჩართულობით წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მომდევნო წლებში უნდა განხორციელდეს - ამით ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა უკვე დაიწყო. მისი თქმით, სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდებოდა.

ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაცია ₾31.8 მილიონად შპს "დაგი"-მ ჩაიბარა, რომელიც 28 მარტს გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. მერიას კასკადის რეაბილიტაციისთვის მაქსიმალურ გადასახდელ თანხად ₾47 მილიონი ჰქონდა მითითებული, კომპანიას კი ეს ₾15.2 მილიონით იაფად უნდა გაეკეთებინა.

აღსანიშნავია, რომ კასკადის სამუშაოების დასრულება სრულად ჯერ 2022 წლის ბოლოსთვის, ხოლო შემდეგ 2023 წლის გაზაფხულზე ანონსდებოდა. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო.

თბილისის მერიის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციისთვის ₾18 მილიონი დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები