მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკის პარკში შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო - კალაძე

ვაკის კასკადი

ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა უკვე დაიწყო - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"სამუშაოების ფარგლებში, არსებული შადრევნები და კასკადი აღდგება პირვანდელი ვიზუალით, დარჩება იგივე მასალა; დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების სისტემა; სრულად განახლდება სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები; ჩატარდება აუზებისა და კასკადის ჰიდროიზოლაცია; დამონტაჟდება შესაბამისი სპეციფიკაციის ტუმბოები", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მერის განცხადებით, პროექტში გაწერილი იქნება ობიექტის ექსპლუატაციის ინსტრუქციები და რეკომენდაციები.

"პროექტირების სამუშაოები მოიცავს არსებული შადრევნებისა და კასკადის მდგომარეობის დეტალურ ანალიზსა და საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს. ტენდერში მონაწილე კომპანიის აუცილებელი პირობა იყო, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე (EN50110-1 სტანდარტის შესაბამისად) შადრევნების მოწყობა/რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება. ვფიქრობ, იმ ტრაგედიიდან, რაც მივიღეთ, მნიშვნელოვანია ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში", - აღნიშნა კახა კალაძემ.

₾31.8 მილიონად ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაცია შპს "დაგი"-მ ჩაიბარა. კომპანია 28 მარტს გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. მერიას კასკადის რეაბილიტაციისთვის მაქსიმალურ გადასახდელ თანხად 47 მლნ ლარი ჰქონდა მითითებული, "დაგი" კი ამას 15.2 მლნ ლარით იაფად გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ კასკადის სამუშაოების დასრულება სრულად ჯერ 2022 წლის ბოლოსთვის, ხოლო შემდეგ 2023 წლის გაზაფხულზე ანონსდებოდა. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო. 2022 წლის მდგომარეობით, ვაკის პარკის აღდგენის პროექტზე 33 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, საიდანაც 11.8 მილიონი ლარის ხელშეკრულება “გრინსერვისი+”-თან გაფორმდა. ამ თანხიდან 6.5 მილიონი ლარი კი კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის შედეგად, ერთი მოზარდი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. საქმეზე დაკავებულები არიან, როგორც შადრევნის მშენებელი კომპანია "გრინსერვისი+“-ის თანამშრომლები, ისე "მშენ-ექსპერტის“ და „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომლები. მაშინ დააკავეს ასევე თბილისის მერიის ორი მაღალჩინოსანი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენი 8 პირი კი დამნაშავედ ცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები