მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ ახალი “შათდაუნის” საფრთხის წინაშე დგას

აშშ-ის კონგრესი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კიდევ ერთხელ, ამჯერად ნაწილობრივ შეიძლება შეწყვიტოს საქმიანობა. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს სენატის დემოკრატი კანონმდებლების უარი, მხარი დაუჭირონ იმ 6-პუნქტიან დაფინანსების კანონპროექტს, რომლის დამტკიცებაც 60 სენატორის მხარდაჭერას საჭიროებს.

ცნობისთვის, ამჟამად, მმართველ რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის მეორე პალატაში 53 სენატორი ჰყავს, შესაბამისად, რიგი ცვლილებებისა თუ ინიციატივების გატანას დემოკრატების მხარდაჭერა სჭირდება.

სწორედ კონგრესში დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის, უმცირესობის ლიდერ ჩაკ შუმერის იდეაა, რომ თუ რესპუბლიკური პარტია საკანონმდებლო დოკუმენტში ცვლილებებს არ შეიტანს და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსების პროექტს თან ინსტიტუტის რეფორმირების ვალდებულებას არ დაურთავს, მას უმცირესობის მხარდაჭერა არ ექნება. ამერიკის მთავრობის ნაწილობრივ დახურვის, იგივე “შათდაუნის” მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ დაფინანსების კანონპროექტი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად სხვა არაერთ უწყებასაც ეხება და თუ დოკუმენტი პარასკევამდე არ დამტკიცდა, ფედერალური ორგანოები საბიუჯეტო დახმარების გარეშე დარჩებიან. შესაბამისად, ვეღარ გააგრძელებენ საქმიანობას.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გამოდის დემოკრატიული პარტია საკანონმდებლო პროექტის ჩაგდების ინიციატივით, ის დაკავშირებული პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ ერთგვარ ანტისაიმიგრაცაიო რეიდებთან. მის ფარგლებშიც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის, იგივე ICE-ის თანამშრომლების მეშვეობით სხვადასხვა შტატში, სხვადასხვა ქალაქში შედის და იწყებს არალეგალურად მცხოვრები მიგრანტების ძებნას. ქვეყანაში უკანონოდ მცხოვრებ პირებს დეპარტამენტი ქვეყნიდან დაუყოვნებლივ აძევებს.

პრობლემა არის ის, რომ ტრამპის მიერ ICE-ის აგენტების კონკრეტულ დასახლებებში გაგზავნას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით კი, ტრადიციულად დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი მოსახლეობა კრიტიკულად ხვდება. ეს უკმაყოფილება ხშირად სოციალურ ქსელში კრიტიკით სრულდება, თუმცა რიგ შემთხვევებში საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლების გამოჩენას დასახლებებში საჯარო პროტესტით ხვდებიან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ICE-ის აგენტებმა ამერიკის ორ მოქალაქეს გაუხსნეს ცეცხლი და მოკლეს. უკანასკნელი შემთხვევა 24 იანვარს, მინესოტას შტატში, ქალაქ მინეაპოლისში მოხდა, როცა 37 წლის ექიმი ალექს პრეტი საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ჩაცხრილა. ოფიციალური უწყების განმარტებით, აგენტმა გასროლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეტიმ იარაღის ამოღება სცადა, თუმცა გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ გასროლამდე ერთი წამით ადრე მოკლულს იარაღი სხვა სამართალდამცავმა წაართვა.

ალექს პრეტის მკვლელობის კადრების გავრცელებამ არამარტო დემოკრატების მხარდამჭერ მინესოტას შტატში, არამედ პროტესტი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია. სწორედ მისი ჩაცხრილვის გამო გამოვიდა სენატის უმცირესობის ლიდერი 6-პუნქტიანი დაფინანსების კანონპროექტის ჩაგდების ინიციატივით, თუ მასში ICE-ზე ზედამხედველი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის რეფორმირებას და აგენტების უფლებამოსილების შემცირება არ იქნება ჩაწერილი. რესპუბლიკური პარტიის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, 6 პუნქტიდან დროებით ამოიღონ პრობლემური დეპარტამენტის დაფინანსების საკითხი, რათა ქვეყანა ახალი სამთავრობო “შათდაუნის” წინაშე არ დადგეს. თუმცა ამ ცვლილებას დოკუმენტის წარმომადგენელთა პალატაში დაბრუნება და ხელახალი კენჭისყრა დასჭირდება, რაც დამატებით დროსთანაა დაკავშირებული. ამასთან, პრობლემაა ის, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრთა ნაწილი უკან დახევას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ შეცვლილი დოკუმენტის დამტკიცებას არც წარმომადგენელთა პალატაში და არც სენატში მხარს არ დაუჭერენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები