შეერთებული შტატები აგრძელებს გამოძიებას შვეიცარიული UBS-ის რუსი კლიენტების მიმართ, რომლებიც ბანკმა Credit Suisse-ის შესყიდვისას გადაიბარა. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ აშშ-ს სანქციების ფონზე რუსეთთან დაკავშირებული სახსრების განკარგვის რისკი იზრდება.
Reuters-ს ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სანქციების სააგენტოა, UBS-ს გამოძიების ფარგლებში წერილობით ბოლო კვირებში მიმართა. ამასთან, შვეიცარიულ ბანკს და აშშ-ს საკითხზე დისკუსია ჰქონდათ. წყაროები ჰყვებიან, რომ აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეაქო UBS თანამშრომლობისთვის, თუმცა ასევე ისიც ნათელია, რომ თუ პრობლემის გადაჭრა არ მოხდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
გამოცემას თანახმად, UBS-ი ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს პოტენციური ნეგატიური შედეგები და ამ მიზნით მათ შორის რუსი კლიენტების ანგარიშების დახურვას მიმართავს.
რუსული ფულის მართვა სულ უფრო სარისკო გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და დასავლელმა მოკავშირეებმა უპრეცედენტო სანქციები დააწესეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
აღსანიშნავია, რომ რუსი კლიენტების საკითხი ასევე შვეიცარიული მარეგულირებლების ყურადღების ცენტრშია. Reuters-ი ჯერ კიდევ ივლისში წერდა, რომ შვეიცარიის მარეგულირებლები ამოწმებენ, როგორ მუშაობს UBS-ი Credit Suisse-ის შესყიდვის შემდეგ გადაბარებულ კლიენტებთან და ბანკის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკას, ვინაიდან შიშობდნენ სარისკო კლიენტების გამო.
შეგახსენებთ, UBS-მა კონკურენტი Credit Suisse-ი გასულ წელს იყიდა. ამჟამად უცნობია, რა ოდენობის რუსული წარმოშობის პრობლემური ფულია UBS-ში. 2022 წელს Credit Suisse-ის მაშინდელი CEO ამბობდა, რომ ბანკის მიერ მართული თანხის 4% - დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი, რუს კლიენტებს ეკუთვნოდათ.