ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში Credit Suisse-სთან მიმდინარე სასამართლოს გადაწყვეტილების განცალკევებით მოხსენიება იმის ნიშანია, რომ ეს დავა პოლიტიკური საკითხი იყო.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილთან "კომუნიკაციის შეწყვეტა" და ივანიშვილის პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ ივანიშვილი ანგარიშიდან თაღლითური ოპერაციების განხორციელების დაწყება, ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენები იყო.
"ეს არის ყველაზე საინტერესო, ჩვენ რამდენიმე თვის წინ გვარწმუნებდნენ, რომ „კრედიტ სუისს“-თან დავა იყო წმინდა კომერციული დავა, ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან, როდესაც ჩვენ გვქონდა სრულიად განსხვავებული რწმენა და შეფასება, საბოლოო ჯამში, „კრედიტ სუისს“-ის საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისს“-ის დავა იყო არა კომერციული დავა, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი. ეს თემა აქტუალური გახდა, როგორც მოგეხსენებათ, 2008 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმე დაიწყო 2008 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, ამას არ აპატიეს აგენტთან კომუნიკაციის შეწყვეტა, ამის მერე იწყება ანგარიშის ძარცვის საქმე და გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კომერციული დავა“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური სანქციები დაწესდა, რაც ეხება უშუალოდ აშშ-ში არსებულ ივანიშვილის და მისი კომპანიების აქტივებს, ასევე ივანიშვილს და იმ კომპანიებს რომლებშიც ივანიშვილი 50%-ზე მეტს ფლობს აეკრძალათ ფინანსური ოპერაციების განხორციელება. სანქცირების გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეეძლება სინგაპურში Credit Suisse-ს წინააღმდეგ მოგებული კომპენსაციის განკარგვაც იქამდე სანამ აღნიშნულის შესახებ სპეციალურ ნებართვას არ დაუშვებენ.
2024 წლის ოქტომბერში დასრულდა მრავალწლიანი სასამართლო დავა, რომლითაც ივანიშვილს საბოლოოდ 461 მილიონი დოლარი მიაკუთვნა.