მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ დამატებით სავიზო მოსაკრებელის დაწესებას გეგმავს – e-Consul

USA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებითი სავიზო მოსაკრებლის – ე.წ. „სანდოობის მოსაკრებლის“ დანერგვას განიხილავს, რომელიც ვიზის წესების დაცვის წახალისებას ისახავს მიზნად.

როგორც e-Consul-ის გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ზივზივაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ინიციატივა შეეხება თითქმის ყველა კატეგორიის ვიზას — მათ შორის ტურისტულ, სამედიცინო და საქმიან ვიზებს.

მისი თქმით, დამატებითი მოსაკრებელი თითქმის ყველა კატეგორიის ვიზაზე - მათ შორის ტურისტულ, სამედიცინო და საქმიანი ვიზების შემთხვევაში გავრცელდება. ინიციატივის ფარგლებში, სავიზო მოსაკრებელზე დაემატება 250 დოლარის ოდენობის დეპოზიტი, რომელიც კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუკი იგი ვიზას წარმატებით მიიღებს.

„დამატებითი მოსაკრებლის მიზანია, შემცირდეს ვიზის ვადაგადაცილებისა და ქვეყანაში არალეგალურად დარჩენილი ტურისტების რიცხვი. თუ ვიზის მფლობელი დაიცავს ყველა სავიზო წესს, ან საერთოდ არ გამოიყენებს ვიზას, დეპოზიტის თანხა მას უკან დაუბრუნდება“, – განმარტა ზივზივაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინიციატივა ჯერჯერობით ძალაში არ შესულა და არც მისი განხილვის ზუსტი თარიღია ცნობილი, თუმცა დეპოზიტის გადახდა სავარაუდოდ 2026 ფისკალური წლიდან, ანუ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება. ასევე მოსალოდნელია, რომ დეპოზიტის მოცულობა დროთა განმავლობაში გაიზარდოს აშშ-ის ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით.

ზივზივაძემ კიდევ ერთ სიახლეზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოში ვიზის მიღების პროცესს ეხება – სავიზო მოსაკრებლის გადახდა ონლაინ გახდა შესაძლებელი.

„თუ ადრე ვიზის მოსაკრებელი მხოლოდ საქართველოს ბანკის ფილიალში, ფიზიკურად მისვლით ხდებოდა, ახლა აპლიკანტს გადახდა ონლაინ, ნებისმიერი ბანკის ბარათით შეუძლია. ვქმნით პროფილს, ვავსებთ შაბლონს და სისტემა აგენერირებს კონკრეტულად აპლიკანტზე მორგებულ ქვითარს. შემდეგ შესაძლებელია როგორც ბარათის მიბმით ონლაინ გადახდა, ასევე ძველი მეთოდის გამოყენება“, – აღნიშნა მან.

სპეციალისტის განმარტებით, ეს ცვლილება გაამარტივებს ვიზის აპლიკაციის პროცესს და დროსაც ზოგავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები