საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღეს ქვეყნის შიგნით და გარეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დამოკიდებულებაში ორი მოცემულობაა, რაც ერთი მხრივ, გარედან არაღიარებას და იზოლაციას, ხოლო შიგნიდან არჩევნების არალეგიტიმურობას გულისხმობს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ერთი და რამდენიმე არადემოკრატიული ქვეყნის გარდა, გარედან [ამ არჩევნების შედეგების მიმართ] შეგუება არ არის. ასევე ამერიკიდან არანაირი ნიშანი აღიარების როგორც ძველი, ასევე ალბათ არც ახალი ადმინისტრაციიდან არ არის, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ რესპუბლიკური პარტია და მეგობარი აქტის ავტორია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კითხვას - რა ინსტრუმენტები აქვს დასავლეთს „ქართული ოცნება“ აიძულოს უკან დაიხიოს, ფართო კონტექსტში განიხილავს და ამბობს, რომ დღევანდელი ვითარება 2020 წლის არჩევნებს არ უნდა შევადაროთ, როდესაც დასავლელი პარტნიორები ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ.
„ერთი მოცემულობაა გარედან, რაც ხდება - არაღიარება და იზოლაცია. მეორე მოცემულობა ის არის, რომ შენს ხალხში არ ხარ ლეგიტიმური. ჩვენ საერთოდ არ ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ მე დავამატებ - საზოგადოებამ იცის, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არამხოლოდ იმ ნაწილმა იცის, რომელიც ოპოზიციურია, არამედ კიდევ უფრო კარგად იციან „ოცნების“ მხარდამჭერებმა, ვინც მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში. ხომ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა გაყალბების სხვადასხვა ფორმებში... ეს ხომ მათ მეხსიერებაში რჩება, ანუ საზოგადოებაში ეს არჩევნები და ხელისუფლება ლეგიტიმურად და არჩეულად არ არის აღქმული.
თვითონ პარლამენტში რომ შევა და ოპოზიციური პარტიები რომ არ შევლენ... ვინ ჩახსნის და არ ჩახსნის დიდად არ მაინტერესებს... მე დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები პარლამენტში არ შევლენ... აქ 2020 წლის არჩევნებთან უაზრო შედარებები არ არის სწორი, მაშინ ევროპელები ამბობდნენ პარლამენტში შედითო... საზოგადოებაში არ იყო განცდა, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდიოდა და მასიურად გაყალბდა არჩევნები, მაშინ ნორმალური გაყალბება იყო, მაგრამ არჩევნები რომ მოგვპარეს ამის განცდა არ არსებობდა, ამიტომ დღეს განსხვავებული სიტუაციაა. დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.