პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომავალ პრემიერს მიმართავს და ინტერესდება - როგორ აპირებს ის საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მაშინ განაცხადა, როდესაც ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე შესასრულებელ ნაბიჯებზე საუბრობდა.
პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ვადებში მკაფიოდ გაწერილი გეგმის წარმოდგენისკენ მოუწოდებს, სადაც ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დათქმის შესრულება იქნება გაწერილი.
„მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია. მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?
წარმოადგენთ თუ არა გეგმას: სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველვყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველვყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. თუმცა საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“, - მიმართავს პრეზიდენტი მომავალ პრემიერს.