მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ, EU, ჩინეთი - როგორია "ქართული ოცნების" საგარეო პრიორიტეტები?

ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში.

"ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში. მათ შორის, მეც მქონდა, პირადად, მნიშვნელოვანი ვიზიტები როგორც რეგიონის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში შედგა რამდენიმე ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი ევროპული ქვეყანა. საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი გაცხადებული აქვს და აღნიშნა, რომ საქართველო შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია.

„აშშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, მზად ვართ - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და მზად ვართ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი აშშ-ში. ვფიქრობთ, ბოლოდროინდელი ცვლილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა აშშ-ს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის მიმართულებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის უსამართლო მიდგომა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას".

პრემიერის თქმით ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისათვის ქვეყანა იქნება მზად 2030 წლისთვის.

„რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, აქ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს. არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით მზაობის რეჟიმში. ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამისათვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის. თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას ვერაფერი დაუდგება წინ. ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში. პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. იმედია, რომ აქაც გადაიდგმება ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ჩინეთთან პარტნიორობის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც.

„ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან. ჩვენ შარშანწინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. ამაზე აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები