აშშ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობა დაძაბულობის ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც ცნობილია, ბლოკი "ანტი-იძულებითი ინსტრუმენტის" გამოყენებას განიხილავს, თუკი აშშ-ის მთავრობა მას 30%-იან ტარიფებს მართლაც დაუწესებს.
ეს მექანიზმი ევროკავშირს საშუალებას აძლევს, გარე ძალისგან მომავალ ეკონომიკურ ზეწოლას მაღალი ტარიფებით და შეზღუდვებით უპასუხოს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, ამერიკულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე ოპერირება, ტენდერებში მონაწილეობა და გაფართოება მნიშვნელოვნად გაურთულდებათ, რაც აშშ-ის ეკონომიკას დააზარალებს.
როგორც ცნობილია, გერმანია და საფრანგეთი აქტიურად განიხილავენ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ტრამპს ევროკავშირის პირობებზე დათანხმება აიძულონ და სავაჭრო ომის ესკალაცია თავიდან აირიდონ.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ინსტრუმენტი სავაჭრო საკითხების ბირთვულ იარაღს წარმოადგენს, რომლის არსებობა ავტომატურად იწვევს ევროკავშირის დაცვას, მისი ამოქმედების გარეშეც კი.
თავად ანტი-იძულებითი მექანიზმის გამოყენების საკითხზე მსჯელობის დაწყება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ აშშ-ევროკავშირის მოლაპარაკების პროცესი იწელება და როგორც ჩანს, ვაშინგტონი და ბრიუსელი რიგ საკითხებზე ჯერაც ვერ თანხმდებიან.




























