მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ირანის მოლაპარაკებები თურქეთის ნაცვლად ომანში ჩატარდება - კიდევ რას ითხოვს თეირანი?

ტრამპი ირანი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაგეგმილი ბირთვული მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში აღარ გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურმა თეირანმა ადგილმდებარეობის ცვლილება და მისი ომანში გადატანა მოითხოვა, რასაც ვაშინგტონი დათანხმდა.

როგორც ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ომანი, როგორც ისლამის მე-3 უდიდესი განხრის, იბადიზმის მიმდევარი ქვეყანა მოლაპარაკებებისთვის უკეთესი, ნეიტრალური სივრცე იქნება, ვიდრე სუნიტური თურქეთი.

შეგახსენებთ, დღეს ირანი მსოფლიოს უდიდესი შიიტური სახელმწიფოა და დიპლომატიური პროცესების დროს რელიგიურ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ცალკე საკითხია ის, რომ მოლაპარაკებებში ჩართვა არაბულ შუამავალ ქვეყნებსაც სურთ. აღნიშნული სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა კი სუნიტურია. როგორც ირკვევა, ოფიციალური თეირანი აქტიურად ითხოვს დიპლომატიური პროცესიდან მე-3 ქვეყნების გაყვანას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირისპირ დაჯდომას, თუმცა უცნობია, დათანხმდება თუ არა ამ წინაპირობას ოფიციალური ვაშინგტონი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ერთმანეთს პარასკევს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში უნდა შეხვედროდნენ და ომის თავის აცილების გზებზე ესაუბრათ. ამერიკული მხარე მოითხოვს, რომ ოფიციალურმა თეირანმა ბირთვული პროგრამა სრულად გააუქმოს, ასევე მკვეთრად შეამციროს შორი მოქმედების სარაკეტო შეიარაღების მოცულობა და სრულად შეუწყვიტოს მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში წარმოდგენილ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ჰამასს, ჰეზბოლასა და ჰუსიტებს. ჯერჯერობით, ირანის პოზიციაა, რომ ის ბოლო 2 მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ბირთვულ პროგრამას, ოფიციალური თეირანი თანახმაა ატომური იარაღის შექმნაზე სამუდამოდ თქვას უარი, თუმცა სურს, სამოქალაქო საჭიროებისთვის ურანის გამდიდრება გააგრძელოს. სტივ უიტკოფსა და აბას არაღჩის შორის პარასკევისთვის დაანონსებულ მოლაპარაკებებს როგორც სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, ისე საფონდო თუ ენერგეტიკულ ბირჟებზე განსაკუთრებით დააკვირდებიან. თუ დიპლომატიური პროცესი ჩაიშალა, ეს, მაღალი ალბათობით, ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს. შეგახსენებთ, სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ოფიციალური თეირანი ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო კვანძის, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით იმუქრება. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ომანის ყურეში თავისი ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი და დამატებითი სამხედრო ძალა ჰყავს განთავსებული და ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებისთვის მზადაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები