მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ირანის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - რაზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ისლამაბადში აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის გამართული 21-საათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თეირანმა ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული პირობების მიღებაზე უარი თქვა. ვაშინგტონის მთავარი მოთხოვნა ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის საბოლოოდ თქმა და ამის გარანტიების გაცემა იყო. ჯეი დი ვენსის განმარტებით, აშშ-ს თეირანისგან სჭირდებოდა მკაფიო დასტური, რომ ის აღარასდროს იფიქრებდა ბირთვული იარაღის შექმნაზე და არც იმ ინსტრუმენტებს, მათ შორის ბალისტიკურ იარაღებს შექმნიდა, რომლებიც ამ მიზნის სწრაფად მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.

თავის მხრივ, ირანულმა მხარემ სახელმწიფო მედიის გამოყენებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელ მომლაპარაკებლებს "არაადეკვატური მოთხოვნები" ჰქონდათ და რომ შეერთებული შტატები რეალურად სამშვიდობო პროცესიდან გასვლას ცდილობდა. მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ პირველივე სესიაზე შეთანხმების მიღწევას არცერთი მხარე არ ელოდა. შესაბამისად, ოფიციალური თეირანი პაკისტანთან და რეგიონის სხვა მოკავშირეებთან კონტაქტზე კვლავ დარჩება. ჯეი დი ვენსმა კი შტატებში დაბრუნებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შეთანხმების მიუღწევლობა ირანისთვის ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა მოლაპარაკებების მასპინძელმა პაკისტანმაც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისჰაკ დარმა ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ერთგულებისკენ და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

როგორც ცნობილია, პაკისტანი პროცესში შუამავლის როლს ასრულებდა და იმედოვნებდა, რომ მხარეები პოზიტიურ შედეგს მიაღწევდნენ. შეხსენებისთვის, შაბათს დილით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში 21 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამერიკულ მხარეს შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენდნენ. ირანული მხარის პოზიციებს კი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ყალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი იცავდნენ. მოლაპარაკებებს შუამავლობდა პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაური ასიმ მუნირი. განსხვავებით შვეიცარიასა და ომანში გამართული შეხვედრებისაგან, ამჯერად მხარეები პირისპირ ისხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ვაშინგტონსა და თეირანს შორის გამართული უმაღლესი დონის შეხვედრა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები