არსებული ინფორმაციით, ირანსა და აშშ-ს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი ვაშინგტონის მხრიდან სანავთობო სანქციების გაუქმებას, ხოლო თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის გახსნის ვალდებულებას ითვალისწინებს.
14 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს შორის საბოლოო მოლაპარაკებები მანამ არ დაიწყება, სანამ ირანის გაყინული ფულადი სახსრების ნახევარი არ გათავისუფლდება. ამასთან, პროცესის დასაწყებად აუცილებელ პირობად ირანული ნავთობის სანქციების შეჩერება და საზღვაო ბლოკადის მოხსნაც მიიჩნევა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნულ შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ვაშინგტონმა ირანთან ომის დასრულების თაობაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას უკვე მიაღწია, რაც ამჟამად დოკუმენტების საბოლოო ვარიანტის მომზადებაზეა დამოკიდებული.
აღნიშნული სიახლის გავრცელების ფონზე, ნავთობის ფასი 5%-ით დაეცა და ბარელი Brent-ის ფასმა $86 შეადგინა, ხოლო WTI დაახლოებით 83 დოლარად ივაჭრება.




























