ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში მე-2 ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. USS Gerald R. Ford-ი, რომელიც აშშ-ს საზღვაო ფლოტში უახლესი და ყველაზე მძლავრი ხომალდია, ომანის ყურისკენ კარიბის ზღვიდან დაიძრა.
ცნობისთვის, სწორედ იგივე ავიამზიდი ტრამპის ადმინისტრაციამ გასული წლის ოქტომბრის თვეში ვენესუელას მიმართულებით გაუშვა და საკუთარ აკვატორიაში მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნა, რაც ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო შეიპყრო. ამ მოცემულობით, ომანის ყურეში ამერიკული ავიამზიდების რაოდენობა ორამდე გაიზრდება, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში შტატების საზღვაო სამხედრო კონცენტრაციის ერთ-ერთი ყველაზე უპრეცედენტო მაგალითია და მიანიშნებს, რომ მის გამოყენებას აშშ ირანზე ზეწოლის გასაზრდელად აპირებს. შეგახსენებთ, ოფიციალურ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, პრეზიდენტი ტრამპი მოითხოვს, რომ ირანმა ამერიკის მოთხოვნები 1 თვის შუალედში დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აშშ-ს ლიდერი ამბობს, “ირანის რეჟიმი ძლიერ ტრავმირებული დარჩება იმით, რაც მოუვა”.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები ირანისაგან სამი ძირითადი პირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს. პირველი ეხება ბირთვული პროგრამის სრულად შეწყვეტასა და ატომური იარაღის შექმნისთვის საკმარისი ურანის გამდიდრებაზე სამუდამოდ, დეკლარირებულად უარის თქმას. მეორე საკითხია ბალისტიკური და სხვა მძლავრი რაკეტების არსებული მარაგების მკვეთრად შემცირება, მესამე კი, ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილი მოკავშირე ტერორისტული ორგანიზაციების, ჰამასის, ჰეზბოლასა და ჰუსიტებისთვის დახმარების სრულად შეწყვეტას. ამ ბოლო ორ საკითხზე შეთანხმებაზე ოფიციალური თეირანი კატეგორიულ უარს აცხადებს, რაც შეეხება ბირთვულ პროგრამას, როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ამბობს, აიათოლას ხელისუფლება მზადაა, უარის თქვას ატომური იარაღის შექმნასა და ურანის საფრთხის შემცველ დონემდე გამდიდრებაზე, თუ სანაცვლოდ შტატები ქვეყანას დაწესებულ სანქციებს მოუხსნის.




























