მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობამ $1.7 ტრილიონს მიაღწია

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობამ, მიმდინარე წელს, 1 ტრილიონ 700 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, დეფიციტის გაღრმავება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის მთავრობას იმაზე უფრო მეტი თანხის დახარჯვა უწევს, ვიდრე ის წლის განმავლობაში შემოსავალს იღებს.

ამ ეტაპზე ამერიკის მთავრობას ორივე მიმართულებით არასახარბიელოდ აქვს საქმე. ერთი მხრივ, კომპანიების შემოსავლები შემცირებულია, რაც ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება. მეორე მხრივ, სამთავრობო ხარჯები გაზრდილია, რასაც სამხედრო დაფინანსების და სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდა განაპირობებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს დამატებით 105 მილიარდი დოლარის მოთხოვნით მიმართა, ეს თანხა კი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გაზრდილი ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, მიმდინარე წელს ამერიკის სახელმწიფო ვალის მოცულობამ რეკორდულ 33 ტრილიონ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის - 2053 წლამდე პროგნოზირებულია, რომ ვალის მოცულობა ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 180%-ს მიაღწევს.

ამერიკის მთავრობას ვალი აქვს როგორც სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების, ასევე თავად ამერიკელი მოსახლეობის მიმართ. ამ თანხას კი მთავრობა ახალი პროექტების განსახორციელებლად და ბიუჯეტის შესავსებად იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა მთავრობა ხარჯავს იმ ფულს, რომელიც მომავალში თავად ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაისტუმრონ გადასახადებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები