2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის B1/B2 კატეგორიის ვიზების გაცემის წესში ამოქმედებულმა ცვლილებამ და სავიზო დეპოზიტის საპილოტე პროგრამამ მიმართვიანობა შეამცირა და აპლიკანტებისთვის პროცედურები გაართულა - ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან 1 თვის თავზე, პრაქტიკაში გამოვლენილ ტენდენციებსა და შედეგებზე "საქმიანი დილას" ეთერში სავიზო-საკონსულტაციო კომპანია e-Consul-ის დამფუძნებელმა, თინათინ გოგუაძემ ისაუბრა.
როგორც გოგუაძე აღნიშნავს, ახალი სისტემის პირობებში, დამტკიცებული ვიზების აბსოლუტური უმრავლესობა საგარანტიო თანხის გადახდას მოითხოვს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 10-წლიანი ვიზების გაცემა, ფაქტობრივად, შეჩერებულია.
"ვიზის მაძიებლები, რომლებიც "e-Consul-ში" მოდიან, მათი განაცხადების, დადასტურებული ვიზების 90% ჩვენი სტატისტიკით არის "ვიზა ბონდით" გაცემული. ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით საგარანტიო თანხის გარეშე ჩვენს აპლიკანტებს ვიზა არ მიუღიათ. დაახლოებით 10% კი ადმინისტრაციულ განხილვაშია გადაყვანილი. რაც შეეხება თანხას, ამ 90%-ის შემთხვევაში "ვიზა ბონდის" ოდენობად 10 000 დოლარი დაფიქსირდა", - აცხადებს თინათინ გოგუაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში ჩართულ სხვა ქვეყნებიდან რამდენიმეში საგარანტიო თანხის პარალელურად 10-წლიანი ვიზის გაცემის შემთხვევებიც ყოფილა, თუმცა "e-Consul-ს" მსგავსი პრაქტიკა ჯერ არ ჰქონია.
კონსული 3-თვიან ვიზებს გასცემს და აპლიკანტს აშშ-ში გაჩერება მხოლოდ 90 დღით შეუძლია. ამასთან, ვიზის მიღების პროცესს არც ის ამარტივებს, ჰქონდა თუ არა აპლიკანტს წარსულში აშშ-ის 10-წლიანი ვიზა და იმოგზაურა თუ არა დადგენილი წესების დაცვით.
e-Consul-ის დამფუძნებელი განსაკუთრებულ ყურადღებას თანხის გადახდის პროცედურაზე ამახვილებს და აპლიკანტებს აფრთხილებს, რომ თანხა პირად ანგარიშზე არ უნდა განთავსდეს.
"ბევრს ჰგონია, რომ ეს თანხა პირად ანგარიშზე უნდა დაიდოს. არა, საკუთარ ანგარიშზე არ უნდა დაიდოს და არც სხვას არ უნდა გადაურიცხონ. კონსულ-ოფიცერი როგორც კი გადაწყვეტს საგარანტიო თანხის ოდენობას (რაც შეიძლება იყოს $5 000, $10 000 ან $15 000), აპლიკანტს პასპორტს არ უტოვებს. მას 7 დღის მანძილზე ელექტრონული ფოსტით ეგზავნება ინსტრუქცია და გასაუბრებიდან 30 კალენდარულ დღეში თანხა უნდა გადარიცხოს მხოლოდ სამთავრობო პორტალზე - pay.gov-ზე. სხვა შემთხვევაში თანხა არ დაბრუნდება და ამ რისკს საკონსულო არ იღებს. ამ ვებგვერდზე თანხის დადების შემდეგ უკვე კონსულ-ოფიცერი უკავშირდება აპლიკანტს და აძლევს ინსტრუქციას, როგორ უნდა გააგზავნოს პასპორტი საკონსულოში სტიკერის ჩასაკრავად", - განმარტავს გოგუაძე.
ახალი წესების მიხედვით, შეიცვალა აშშ-ში შესვლის პირობებიც. ვიზაზე, რომელიც "ბონდითაა" გაცემული, სპეციალური აღნიშვნა კეთდება. ასეთი ვიზის მფლობელმა აშშ-ის საზღვარი აუცილებლად ისეთ პუნქტში უნდა გადაკვეთოს, რომელიც კონტროლდება აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის (CBP) მიერ. ეს ძირითადად საჰაერო გადასასვლელებს გულისხმობს, სახმელეთო და საზღვაო პუნქტებით სარგებლობა კი იზღუდება, რათა დეპოზიტის აღრიცხვა ზუსტად მოხდეს.
გარდა ამისა, მოწმდება აპლიკანტების ღია წყაროები - სოციალური მედია აუცილებლად ღია უნდა იყოს, რათა საკონსულომ სრულფასოვანი სქრინინგი განახორციელოს.
e-Consul-ის დამფუძნებლის ინფორმაციით, რთული პროცედურებისა და ფინანსური ვალდებულებების გამო, ბოლო ერთ თვეში ვიზაზე მიმართვიანობა შემცირდა, რადგან მოსახლეობა პროცესებზე დაკვირვებას არჩევს.
როგორც თინათინ გოგუაძე აღნიშნავს, 2023 წელს აშშ-მა საქართველოს მოქალაქეებზე 6 502 B1/B2 ვიზა გასცა, საიდანაც სავიზო რეჟიმი (ვადის გადაცილება, არალეგალურად დარჩენა) აპლიკანტთა 9.98%-მა დაარღვია. 2024 წელს გაცემული 7 676 ვიზიდან კი დამრღვევთა მაჩვენებელი 7.43% იყო. ამ მონაცემებით, საქართველო ვიზის დამრღვევთა რაოდენობით მსოფლიოში 43-ე, ხოლო საპილოტე პროგრამაში ჩართულ 50 ქვეყანას შორის 23-ე ადგილს იკავებს.
Visa Bond-ის პროგრამა საპილოტეა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის 2025 წლის აგვისტოში დაიწყო (საქართველო აპრილში დაემატა) და მისი გადახედვა 2026 წლის აგვისტოში მოხდება. დატოვებენ თუ არა საქართველოს აღნიშნულ სიაში, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევიან საგარანტიო თანხით გაცემული ვიზების მფლობელი საქართველოს მოქალაქეები და დაარღვევენ თუ არა ისინი აშშ-ში ყოფნის 90-დღიან ლიმიტს.




























