ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შენელდა და აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში წლიურ ჭრილში 1.5% შეადგინა. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემები პირველად შეფასებას სრულად ემთხვევა, თუმცა ჩამორჩება პირველი კვარტალის მაჩვენებელს, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2.1% შეადგინა.
როგორც ირკვევა, ეკონომიკური ზრდის შეფერხება ძირითადად იმპორტის მკვეთრმა მატებამ განაპირობა, ვინაიდან მშპ მხოლოდ შიდა წარმოებას ითვლის, გაზრდილი იმპორტი საერთო მაჩვენებელს აკლდება.
მეორე კვარტალში იმპორტი წლიურად 12.5%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ ხელოვნური ინტელექტის სექტორისთვის საჭირო კომპიუტერული ჩიპებისა და ტექნოლოგიური პროდუქციის მოზღვავებულმა ნაკადმა განაპირობა, რამაც მშპ-ის საბოლოო ზრდის ტემპი 1.64 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
ცნობისთვის, ვაჭრობის სამინისტროს მიერ წარდგენილი ანგარიში მეორე კვარტალის მშპ-ის სამი სავარაუდო შეფასებიდან მეორეს წარმოადგენს, ხოლო საბოლოო, დაზუსტებული მონაცემები 30 სექტემბერს გამოქვეყნდება.




























