მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„[აშშ-ის] ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ“ - ბიძინა ივანიშვილი

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და ადასტურებს, რომ ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა. ამავე განცხადებაში მმართველი პარტიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ელჩს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა ამერიკელი დიპლომატისგან უარი მიიღეს.

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის საელჩო მასთან შეხვედრის მიზანი პირადი შანტაჟი იყო.

„აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას. შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.

იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები