„პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არსებობს ქვეყანა, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას [DFC] ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით უფრო უფრო მეტი ფული ჰქონდეს ჩადებული, ვიდრე საქართველოში“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა დესპანმა და ამჟამად ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ აშშ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შეფასებისას განაცხადა.
„რატომ აკარგვინებს „ქართული ოცნება“ საქართველოს ნამდვილ მეგობრებს“? - გიორგი ციკოლიას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს, მაგრამ „წერტილთან“ ინტერვიუში დეტალურად მოჰყვა აშშ-ის მხარდაჭერის ისტორია საქართველოს მისამართით.
- ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ-მა საქართველოსთვის და საქართველოს განვითარებისთვის, დაახლოებით, 6 მლრდ დოლარი გამოყო... შედეგად, აშშ-ს არანაირი სიკეთე არ მიუღია, მაგრამ საქართველოში აშენდა გზები; სამცხე-ჯავახეთი დაუკავშირდა დანარჩენ საქართველოს; აშენდა ასობით სკოლა და უმაღლესი მასწავლებელი. ამ $6 მილიარდიდან თანხის გარკვეული ნაწილი მოხმარდა ეკონომიკურ რეფორმებს, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ენერგოუსაფრხოების გაძლიერებას და ა.შ. აშშ ყოველწლიურად დებს თანხებს, რომ დაჩქარდეს საქართველოს განვითარება. ჩვენ შეიძლება დისკუსია გავმართოთ იმაზე, ესა თუ ის მიმართულება რამდენად ეფექტიანი იყო, მაგრამ ეს სხვა თემაა..
- რატომ აღმოჩნდა „ქართული ოცნება“ დაუნახავი?
- მე არ ვიცი, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რატომ გაუჩნდა ეს კითხვა; მგონი, ადამიანის ბუნებაა ისეთი, რომ რაღაცებს საკმაოდ სწრაფად ივიწყებს, ამიტომ ხშირად უნდა ვისაუბროთ რაღაცებზე, რომ ვიცოდეთ. მაგალითად: სამხედრო კუთხით ასობით მილიონი აქვს აშშ-ის გამოყოფილი საქართველოსთვის; ასევე, ინვესტიციებზე რომ ვისაუბროთ, აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტებში, ზოგადად, არაა ბევრი ისეთი ინსტიტუტი, რომელიც სხვა ქვეყანაში აშშ-ის გადასახადების გადამხდელების ფულის ინვესტირებით არის დაკავებული. როგორც ვიცით, არსებობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია [DFC] და პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არსებობს ქვეყანა, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას [DFC] ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით უფრო უფრო მეტი ფული ჰქონდეს ჩადებული, ვიდრე საქართველოში. ჯამში, DFC-ის ჩვენს ქვეყანაში 700 თუ 800 მილიონ დოლარამდე აქვს ჩადებული სხვადასხვა სფეროში - „თბილისი მარიოტში“ რუსთაველზე, რომელიც დამწვარი იდგა; DFC იყო პირველი ინვესტორი კომპანია „სანტეში“ და ა.შ... ბოლო პერიოდში კი ინვესტიციებს დებდნენ პორტებში [Pace ჯგუფი]. დღეს ამ ინსტიტუტთან ურთიერთობა არ გვაქვს, DFC-თან ურთიერთობა არის გაყინული. ცოტა ხნის წინ DFC-ის ხელმძღვანელის მოადგილე რეგიონში იმყოფებოდა და პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში არ ჩამოვიდა.
საქართველოსთან მიმდინარე და სამომავლო ურთიერთობის შესახებ BMG კითხვებით DFC-ს მიმართავს და პასუხებს, მიღების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ.
ბიზნესი ძალიან შეშფოთებულია იმ რისკებით, რაც შეიძლება მოჰყვეს შექმნილ რეალობას - ინტერვიუ გიორგი ციკოლიასთან




























