მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის მომლაპარაკებლები პაკისტანში მიემგზავრებიან, თუმცა ირანი მათთან შეხვედრას არ გეგმავს - Reuters

აშშ

დღეს აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში უნდა გაემგზავრონ, თუმცა ირანის განცხადებით, მათი ოფიციალური პირები ამერიკელებთან შეხვედრას და ომის დასრულების განხილვას არ გეგმავენ - წერს Reuters-ი.

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური დესპანი სტივ ვიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან მოლაპარაკებებისთვის შაბათს გაემგზავრებიან.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანს აშშ-სთან "კარგი გარიგების" დადების შანსი აქვს.

"ირანმა იცის, რომ გონივრული არჩევანის გასაკეთებლად ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, არის ის, რომ ბირთვულ იარაღზე უარი ქმედითი და გადამოწმებადი გზებით თქვან", - განაცხადა მან.

პარასკევს არაღჩი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ირანელი ოფიციალური პირები ამერიკელ წარმომადგენლებთან შეხვედრას არ აპირებენ და თეირანის წუხილებს შუამავალ პაკისტანს გადასცემენ.

ტრამპმა პარასკევს სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი აშშ-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეთავაზების გაკეთებას გეგმავს, თუმცა არ იცის, რას მოიცავს ეს წინადადება. მან უარი თქვა დაეკონკრეტებინა, ვისთან აწარმოებს ვაშინგტონი მოლაპარაკებებს, მაგრამ აღნიშნა: "ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც ახლა სიტუაციას მართავს".

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-მა ბოლო დღეებში ირანული მხარისგან გარკვეული პროგრესი დაინახა და იმედოვნებს, რომ ამ შაბათ-კვირას მეტი შედეგი იქნება.

პარალელურად, პაკისტანში გასამგზავრებლად მზადაა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ისლამაბადში გამართულ უშედეგო მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ვენსი, ვიტკოფი, კუშნერი და არაღჩი, ასევე ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ გალიბაფიც.

სამშაბათს ტრამპმა ორკვირიანი ზავი ცალმხრივად გაახანგრძლივა, რათა მომლაპარაკებელთა ხელახლა შესაკრებად მეტი დრო ყოფილიყო.

სამშვიდობო მოლაპარაკებების ბედთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და რეგიონში ძალადობის გამწვავების ფონზე, ამ კვირაში ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფიუჩერსებმა 16%-ით მოიმატა.

საზღვაო მიმოსვლის პარასკევის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ხუთმა გემმა გაიარა, მაშინ როცა 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ომის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი დღეში დაახლოებით 130-ს შეადგენდა. ამ გემებს შორის იყო ირანული ნავთობპროდუქტების ტანკერი, თუმცა არცერთი ნედლი ნავთობის გადამზიდი უზარმაზარი სუპერტანკერი, რომლებიც გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებს კვებავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები