მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მორმონთა ეკლესია ფინანსური ინფორმაციის დამალვის გამო $5 მლნ-ით დაჯარიმდა

63fb1def8f3c4
გიორგი არონია
26.02.23 14:27
772

ამერიკის შეერთებული შტატების ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) მორმონთა ეკლესიის სახელით ცნობილი „უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესია“ და მისი საინვესტიციო ფონდი, Ensign Peak Advisers-ი $5 მილიონით დააჯარიმა. მარეგულირებლის თქმით, კომპანიამ მისი ინვესტიციების შესახებ არსებული ფინანსური ინფორმაცია არასრულად და არასწორად წარმოადგინა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ ბრალდება ორთავე ინსტიტუტს, „უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიას“ და მის საინვესტიციო ფონდს წარუდგინა - $5-მილიონიანი ჯარიმის უდიდეს ნაწილს, ანუ $4 მილიონს ფონდი გადაიხდის, დარჩენილ $1 მილიონს კი - მორმონთა ეკლესია.

„გვჯერა, რომ „უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის“ საინვესტიციო მენეჯერმა, ეკლესიის მესვეურების ნებართვის საფუძველზე, დიდძალი ენერგია ჩადო ეკლესიის ინვესტიციების დასაფარად, რითაც მარეგულირებელ კომისიას და ინვესტორებს ზუსტი ინფორმაცია დაუმალა“, - ვკითხულობთ აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიის აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გერბირ გრევალის განცხადებაში.

როგორც მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, მორმონთა ეკლესიის მესვეურებს საკუთარი ინვესტიციების გასაჯაროება საზოგადოებისგან მოსალოდნელი ნეგატიური უკუკავშირის გამო არ სურდა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მონაცემებით, ეკლესიის ფონდი $32 მილიარდის აქტივებს ფლობდა. აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი ეკლესიის წევრთა შემოწირულებებზე მოდის - მორმონთა ეკლესიის თითოეული წევრი, როგორც წესი, ორგანიზაციას საკუთარი შემოსავლის 10%-ს სწირავს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები