მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის მთავრობა AI-კომპანიებში წილების შეძენას და სუვერენული ფონდის შექმნას განიხილავს

AI

არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში ფინანსური წილების მოპოვების საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა ადმინისტრაციას 2025 წელს შესთავაზა, საჯარო კეთილდღეობის ფონდის შექმნას გულისხმობს.

გეგმის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიებმა საკუთარი აქციების ნაწილი სახელმწიფოს უნდა გადასცენ, მიღებული ფინანსური ამონაგები კი ამერიკის მოქალაქეებზე პირდაპირ განაწილდება. ამ იდეას კრიტიკოსები პოპულისტური ლოზუნგებით შეფუთულ ფინანსურ დახმარებად მიიჩნევენ, მხარდამჭერები კი მას ბოლო თაობის უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტად აფასებენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსგავსი სუვერენული ფონდის ალტერნატიული ვერსია ვერმონტის შტატის სენატორს, ბერნი სანდერსსაც აქვს. სანდერსი ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანიების კაპიტალის 50%-ის საჯარო ფონდში გადაცემას ითხოვს, რაც ხელისუფლებას დირექტორთა საბჭოში ადგილებსა და ხმის უფლებას მიანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას კერძო სექტორში წილების ფლობის გამოცდილება უკვე აქვს. ჩიპების შესახებ მიღებული კანონის ფარგლებში, სახელმწიფომ აქციები Intel-ში, კვანტური გამოთვლების 9 კომპანიაში და იშვიათი მიწათა ელემენტების მომპოვებელ რამდენიმე საწარმოში, მათ შორის MP Materials-სა და USA Rare Earth-ში შეიძინა.

რაც შეეხება ინიციატივის კრიტიკას, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტი თავისუფალ კონკურენციას დაარღვევს და თეთრ სახლს ვენჩურულ საინვესტიციო ფონდად აქცევს. პრობლემას ქმნის გეოპოლიტიკური ფაქტორიც, რადგან OpenAI-სა ან Anthropic-ში ვაშინგტონის წილების გამოჩენა მოკავშირეებში ეჭვებს გააჩენს და ყველასთვის ცხადი იქნება, რომ ამ კომპანიების მიღმა აშშ-ის მთავრობა დგას. უცხოელი პარტნიორები ამერიკულ კომპანიებს შესაძლოა ისევე უნდობლად მოეკიდონ, როგორც თავად ამერიკა იმავე მიზეზით ჩინურ Huawei-ს ეპყრობა.

ცნობისთვის, აშშ-ის ისტორიაში კერძო კომპანიების კაპიტალში სახელმწიფოს შესვლა, მასშტაბური ეკონომიკური კრიზისების მიღმა, აქამდე თითქმის არასოდეს მომხდარა, ამიტომ ამ იდეას ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები